ჭიათურის მადნის უკანონო მოპოვების საქმეში ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს. როგორც ცნობილია, მანგანეზის თვითნებური მოპოვებისა და სახელმწიფოსთვის თანხების დამალვის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს არაერთი პირი დააკავა, თუმცა უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე პირი მიეცეს.
„დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებულთა მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ჯერ კიდევ გუშინ დაიწერა, რომ შესაძლოა გამოძიებამ ჭიათურაში მანგანეზის უკანონო დატაცების ფაქტზე არაერთი პირი დააკავოს. დღეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ,,ჯორჯიან მარგანეზმა", რომელიც ჭიათურაში მადნის მოპოვების ექსკლუზიურ ლიცენზიას ფლობს, სამართალდამცველ ორგანოებს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რათა ჭიათურაში მადნის დამტაცებელთა უკანონო საქმიანობით დაინტერესებულიყვნენ. საუბარია მანგანეზის უკანონო მოპოვების ფაქტებზე, რის შედეგადაც ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარს უმალავენ, მეორე მხრივ კი ჭიათურის არც თუ ისე სახარბიელო ეკოლოგიას, კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აგდებენ.
ექსკლუზიური ლიცენზიით კონკრეტულად არის გათვალისწინებული თუ რა ოდენობის მადანს მოიპოვებს "ჯორჯიან მანგანეზი" და მისი კონტრაქტორი კომპანიები, შესაბამისად, ამის მიხედვით ხდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაც. გარდა ამისა, კომპანია ვალდებულია მანგანეზის მოპოვების შედეგად დაზიანებული ლანდშაფტი აღადგინოს. „ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ მათ მიერ ეს ვალდებულებები სრულდება, თუმცა მადნის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების მიერ უკვე შეიქმნა უკიდურესად რთული ვითარება, როგორც საბიუჯეტო სახსრების დამალვის, ისე ეკოლოგიური ვითარების მხრივ.
ზაქარია ზალიკაშვილი, „ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
„ჯორჯიან მანგანეზს" გააჩნია ექსკლუზიური ლიცენზია. სახელმწიფოსთან შეთანხმებით ჩვენ გვაქვს წვრილ მომპოვებლებზე ლიცენზიის გაცემის და მათი საქმინაობის კონტროლის უფლება. ამისთვის დადგენილია კონკრეტული საზღვრები, სადაც სხვა კერძო მომპოვებლებს ჩვენს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე შეუძლიათ მადნის მოპოვება. სამწუხაროდ, არიან მთელი რიგი კომპანიები, რომლებიც ჩვენგან არ ფლობენ ნებართვას. მათი მხრიდან ხდება მადნის უკანონო მოპოვება და შესაბამისად ხდება ულიცენზიო საქმიანობის წარმოება. მათ, ვინც ჩვენგან ფლობს ლიცენზიას, ღიაკარიერული მოპოვების შემთხვევაში ეკისრებათ ვალდებულება ჩაატარონ რეკულტივაცია, ანუ იმ ღრმულების აღგენა და კონსერვაცია, რომელიც ჩნდება მადნის მოპოვების პროცესში. ეკოლოგიურ ზიანი, რასაც სახელმწიფო ჩვენ გვედავება, არის კონკრეტულად ამ დამტაცებელი ჯგუფის მიერ ნამოქმედარი, დათხრილი და ორმოებად დატოვებული კარიერები. ალბათ, დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ჩვენი ლიცენზიანტი კომპანიები ამ ვალდებულებას ასრულებენ, მაგრამ ულიცენზიოდ მოქმედი კომპანიები ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფლები არიან და მოქმედებენ კონტროლის გარეშე".
სწორედ ეს კონტროლს მიღმა მყოფი კომპანიების მფლობელები დააკავა საგამოძიებო სამსახურმა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მალხაზ კახნიაშვილი და გოჩა საყვარელიძე, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების შპს „მანგანუმ სერვისის", შპს „მარსის" და შპს „მარსი 2014"-ის სახელით, ჭიათურის რაიონში ახორციელებდნენ მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციას. ბრალდებულებმა, აღნიშნული კომპანიებით საქმიანობის პროცესში, განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიზნით, ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში".