logo_geo
eng_logo
დღეს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2016“ გაიხსნა
- +

2 დეკემბერი. 2016. 21:17



დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2016" გაიხსნა.


ფესტივალი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ" გახსნა სპექტაკლით - „მატარებელი".


„ნიღაბი" წელს მეხუთედ იმართება და მასში სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები იღებენ მონაწილეობას. მათ კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და 14 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.


ფესტივალს „ნიღაბი 2016" სამედიცინო უნივერსიტეტი 10 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. 


 

უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ ფესტივალის დონე ყოველწლიურად იზრდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებს შორის.

 

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უკვე მეხუთე წელია იმართება მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი „ნიღაბი". ეს ტრადიცია უკვე ჩამოყალიბდა. 8-10 დღის განმავლობაში სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტის დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები, რომლებიც სტუდენტთა ძალიან დიდ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს. ყოველწლიურად ფესტივალის დონე კიდევ უფრო იზრდება და მაღლდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებს შორის", - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

 



ჟიურის წევრი, მსახიობი თამუნა ნიკოლაძე „რეპორტიორთან" საუბარში იმედოვნებს, რომ ფესტივალის საიუბილეო მეხუთე წელი ყველასგან განსხვავებული და საინტერესო იქნება. მისი თქმით, ამ ფესტივალთან ერთად არა მარტო ბავშვები და რეჟისორები, არამედ თავადაც გაიზარდა, რადგან იგი ფესტივალის დაარსებიდან ჟიურის წევრია.



„ვულოცავ ფესტივალს ხუთი წლის იუბილეს. ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ასეთმა ფესტივალმა უკვე ხუთი წელია თავისი თავი შეინახა, შეინარჩუნა. დიდი იმედი მაქვს, რომ მეხუთე წელი იქნება ყველასგან განსხვავებული და კიდევ უფრო საინტერესო. ამ ფესტივალთან ერთად არა მარტო ბავშვები, რეჟისორები და სხვადასხვა უნივერსიტეტები, არამედ მეც გავიზარდე", - განაცხადა თამუნა ნიკოლაძემ. 

 


მსახიობი და მწერალი გიორგი ზანგური ფესტივალ „ნიღაბი 2016"-ის ჟიურის წევრი წელს პირველად არის. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, მსგავსი ფესტივალები თეატრის მნიშვნელობას ზრდის.



„პირველად ვარ მოწვეული ამ ფესტივალზე და მიხარია, რომ ვიმყოფები პროფესიონალ ჟიურის წევრებთან ერთად. სასიამოვნო დღეები გველოდება ჩვენც და სტუდენტებსაც იმიტომ, რომ ასეთი დღეები უთატრის მნიშვნელობას ზრდის  ახალგაზრდა თაობაში, იმ თაობაში, რომელიც წყვეტს ქვეყნის ბედს და თეატრი ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როდესაც არათეატრალური უნივერსიტეტები და ინსტიტუტები ინტერესდებიან, რომ მათ შექმნან რაღაც ახალი პროდუქტი ახალი სპექტაკლი და ამით თავიანთი სათქმელი თქვან, ეს მისასალმებელია და მიხარია, რომ მეც ამ ფესტივალის ნაწილი ვარ", - განაცხადა გიორგი ზანგურმა.

 

 

 

მსახიობი ანა ტყებუჩავა ასევე ერთ-ერთი ჟიურის წევრია, რომელიც წელს შეუერთდა ფესტივალს. როგორც თავად აღნიშნა, მისთვის ეს ახალი თავგადასავალია.

 

„წელს ხუთი წლის იუბილეა და ვულოცავ ფესტივალ „ნიღაბს". მე პირველად შემოვუერთდი, როგორც ჟიურის წევრი, რაც ძალიან სასიამოვნოა. პირადად ჩემთვის, რაღაც ახალი თავგადასავალია და ძალიან მაინტერესებს. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო და მონაწილეებსაც იგივეს ვუსურვებდი, კონცენტრირდნენ იმაზე, რისთვისაც იშრომეს და მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ", - განაცხადა ანა ტყებუჩავამ.

 



ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ ქუტიძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ ფესტივალის გახსნის დღე ძალიან ემოციურია, ისევე, როგორც ყოველ წელიწადს. მისი თქმით, მოლოდინი დიდია და იმედოვნებს, რომ მაყურებელს და ჟიურის წევრებს წლევანდელი წელი განსაკუთრებით მოეწონებათ.


„საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" უკვე მეხუთე წელია საქართველოში ტარდება და ძალიან დიდ ისტორიას იტევს. ბევრმა უნივერსიტეტმა მიიღო ფესტივალში მონაწილეობა და დღევანდელი დღე ისეთივე ემოციურია, როგორიც გასული 4 ფესტივალის გახსნა იყო. ძალიან აღმატებულ განწყობაზე ვართ ყველა და მოლოდინი ძალიან დიდია, რადგან ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობის შესაბამისად ხარისხიც გაიზარდა და წელს საკმაოდ კარგი სპექტაკლებია. ასე რომ, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მაყურებელს და ჟიურის წევრებს განსაკუთრებით მოეწონებათ წლევანდელი წელი", - აღნიშნა მან.

 



ფესტივალ „ნიღაბი 2016"-ის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი მარიამ ჯოლოგუაა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ფესტივალთან ბევრი რამ აკავშირებს და ამბობს, რომ სამოყვარულო თეატრი ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში.


„ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს ამ ფესტივალთან და მიხარია, რომ „ნიღაბის" არსებობის დღიდან მასთან ერთად მოვდივარ და გახსნის და დახურვის ცერემონიალების უცვლელი წამყვანი ვარ. ამ ადამიანებისთვის სამოყვარულო თეატრი ძალიან საჭიროა და დიდ როლს თამაშობს ცხოვრებაში. ეს არის მათთვის კიდევ ერთი დამატებითი წახალისება და სტიმული. შარშან დახურვის ცერემონიალზე ვტიროდი, იმხელა ბედნიერება ტრიალებს ხოლმე იმ დარბაზში, სადაც დაჯილდოვება ხდება", - აღნიშნა მან.

 


ლიკა ბუზარიაშვილი - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას" მსახიობი:


„ეს არის სცენის ზღაპარი იმიტომ, რომ კონკრეტულად ჩვენ ვართ ექიმები, ზოგი იურისტია... სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ვისაც გვიყვარს თეატრი და ხელოვნება, ამ ფესტივალის ფარგლებში ჩვენს ოცნებებს ვისრულებთ. ეს ფესტივალი უფრო და უფრო გრანდიოზული და მასშტაბური ხდება", - აღნიშნა მან.

 

ბექა ხურციძე -სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას" მსახიობი:


„დღეს გავხსენით ფესტივალი ნიღაბი 2016. უზომოდ დიდი ემოციებით ვართ სავსე. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაირა და ძალიან კმაყოფილები ვართ ყველაფრით", - აღნიშნა ბექა ხურციძემ.

 

 

თამარ ჟღენტი - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას" მსახიობი:


„მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" უკვე მეხუთე წელია ტარდება და წლევანდელი წელი არის საიუბილეო. მე უკვე მეოთხე წელია მონაწილეობას ვიღებ და ყოველი წელი არის განსაკუთრებით ემოციური და ძალიან ძვირფასი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ისეთ ემოციებს გვანიჭებს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად გვხვდება ადამიანებს, რომლებიც პროფესიით მსახიობები არ ვართ. დღევანდელი სპექტაკლი იყო ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც მე ვთამაშობდი კომედიური ელემენტებით აღსავსე როლს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ზეიმის მონაწილე ვარ", - აღნიშნა მან.


 

 

ზურა ყიფშიძე - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას" მსახიობი:


„ფესტივალი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გახსნა. მადლობა ამ ყველაფრისთვის ჩვენს ორგანიზატორებს და იმ მაყურებელს, რომელიც გვესწრებოდა. ძალიან ამაღლებული ემოციები გვაქვს", - აღნიშნა ზურა ყიფშიძემ.




 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner