რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია ფუნდამენტურ კვლევას საჭიროებს, თუ რა მიზნებია მასში ჩადებული, - განაცხადა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა გადაცემა 2030-ში.
„მომეცა შესაძლებლობა, 2013 წლის დოკუმენტი ამ ახალ დოკუმენტთან შემედარებინა და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორ დოკუმენტში საერთო ძალიან ბევრია, მაგრამ არის საკითხები, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებამ უფრო მეტი რესურსის დახარჯვა და, რომელზეც უფრო მეტი აქცენტირება გადაწყვიტა. მართალია, რუსეთი ამას საგარეო პოლიტიკური ინტერესების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობას უწოდებს, მაგრამ ეს არის საინფორმაციო ომი, რომელსაც რუსეთი პრაქტიკულად, მთელი მსოფლიოს მიმართ აწარმოებს. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები აგრესიულადაა გააქტიურებული ყველა ქვეყანაში და აქცენტირებას ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკის წინააღმდეგ აკეთებს", - განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ თითოეულ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს უფლება აქვს თავისი გზა აირჩიოს და საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, გახდება თუ არა ნატოს წევრი, რუსეთის მუქარაზე პირდაპირი პასუხია.
„რა თქმა უნდა, იესნ სტოლტენბერგის განცხადება არის რუსეთისთვის შეხსენება, რომ საქართველოს აქვს უფლება, ნატო-ში გაწევრიანების აპლიკაცია გააკეთოს, ნატო-ს კი, ასევე სრული უფლება აქვს, საქართველოს აპლიკაცია მიიღოს. რუსეთის კონცეფციაში „პარიზის ქარტია" არ უხსენებიათ. ესაა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ყველა ქვეყნის უფლებას, ნებისმიერ უსაფრთხოების სისტემაში თავისი სურვილით გაერთიანდეს და, რომელზეც რუსეთს ხელი აქვს მოწერილი. კონცეფციაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი ფრაზებია. რუსეთი აცხადებს, რომ ნატო-ს გაფართოება მის ინტერესებს საფრთხეს უქმნის და ყოველ მეორე პუნქტში ამბობს, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებით მოქმედებს, მაგრამ ამავე დროს, „პარიზის ქარტიის" ამ დებულებას აშკარად ეწინააღმდეგება და პრაქტიკულად უარყოფს", - განაცხადა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა.
როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მომავალ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემაკავებელი მექანიზმია.
„ეს არ არის აგრესიული ნაბიჯი. ეს არის თავდაცვის შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ნატო-ს ხომალდების შავ ზღვაში პატრულირება შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ იქითკენაა მიმართული, რომ რუსეთმა შავ ზღვაში თავისი ახლადშექმნილი აბსოლუტური სტრატეგიული უპირატესობა ბოროტად არ გამოიყენოს. რუსეთზე შეტევას არავინ აპირებს და მითუმეტეს არ აპირებს საქართველო", - განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რუსეთის მოლოდინი ნამდვილად გადამეტებულია.
„რუსეთი დაინტერესებულია, ამ თვითგამოცხადებულ კვაზისახელმწიფოებში გარკვეულ ელიტებზე გავლენა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ის საერთაშორისო თანამეგობრობის დასანახად ამბობს, რომ მათ დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას აპირებს, თორემ სინამდვილეში, ამას ხელს უშლის. ამ თვითგამოცხადებულ კვაზისახელმწიფოებში რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რა თქმა უნდა, საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევაა, მაგრამ ძნელია მოიფიქრო ახალი რეცეპტი, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ", - განაცხადა გოგოლაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, საერთაშორისო საზოგადოება და მეგობარი ქვეყნები მუშაობენ, რომ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ანექსირებისა და მათი რუსეთის ფედერაციაში ინტეგრირების პროცესი რამენაირად შეაჩერონ.
„ამ მიმართულებით ბევრი ინსტრუმენტი გამოიყენება. მათ შორის - არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველოსთან ერთად ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც ინტენსიურად ეწევიან. მეორე მიმართულება აფხაზურ-ოსურ საზოგადოებებსა და ქართულ საზოგადოებას შორის პირდაპირი ურთიერთობების ხელშეწყობაა. ესაა ასევე რბილი პოლიტიკის გასატარებლად ამ ტერიტორიებზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ აუცილებელია", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.