დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა.
მინისტრმა თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრა. სოზარ სუბარმა სახალხო დამცველად და სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობის პერიოდში მიღებული გამოცდილებაც გაიხსენა. მინისტრმა ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა.
უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სტუდენტი-ახალგაზრდობის განათლებისა და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სოზარ სუბარს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
შეხვედრას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები, აგრეთვე, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე ესწრებოდნენ.
მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.