რუსეთის მოქალაქე, 46 წლის ოქსანა სევასტიდის შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი სახელმწიფო ღალატის ჩადენაში დამნაშავედ ცნო.
მსჯავრდებულის ადვოკატ ივან პავლოვის განცხადებით, ოქსანა სევასტიდის პატიმრობა იმის გამო მიუსაჯეს, რომ მან 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე, მეგობარს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა რუსული საბრძოლო მასალებით დატვირთულ მატარებელთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთისაკენ მიემართებოდა.
ამის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს რუსული საიტი mk.ru.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოქსანასთვის განაჩენი ჯერ კიდევ მარტში გამოიტანა სასამართლომ, თუმცა ამის თაობაზე ინფორმაცია მანამდე არ გავრცელებულა. პავლოვი დაჟინებით ითხოვს სევასტიდის გათავისუფლებას.
ივან პავლოვის თქმით, სევასტიდის შემთხვევა პირველი არ არის და 2014 წლის ნოემბერში ანალოგიურ ვითარებაში გაასამართლეს სოჭის მცხოვრები ეკატერინა ხარებავა. მას ბრალი წაუყენეს ჯაშუშობისათვის და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდებამ განაცხადა, რომ ხარებავამ საიდუმლო ინფორმაცია გადასცა საქართველოს სამხედრო წარმომადგენელს. დაცვა აცხადებდა, რომ ქალი არ არის ჯაშუში, რადგან მეგობარს მხოლოდ ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების თაობაზე. უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა" ხარებავა პოლიტპატიმრად ცნო.