logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ყოველთვის იქნება ბელორუსის სანდო პარტნიორი
- +

22 მარტი. 2016. 18:46



საქართველო-ბელორუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება. აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და ბელორუსის მთავრობის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე შედგა. ბელორუსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.


ბელორუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი კობიაკოვმა განაცხადა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 45 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც არასაკმარისია.


 

ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის 200 მილიონ აშშ დოლარამდე გავზარდოთ, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის. იქამდე კი, ჩვენ ამისთვის აუცილებლად მივიჩნევთ წარმოების განვითარებას და თანამშრომლობას აღნიშნული მიმართულებით",- განაცხადა ანდრეი კობიაკოვმა.



მიღწეულია შეთანხმება კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ქართული და ბელორუსული მხარეები ერთობლივად განახორციელებენ. ბელორუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მხარეები ასევე მიესალმებიან ბელორუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას თბილისში.



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელორუს კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის იქნება ბელორუსის სანდო პარტნიორი.



საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, საინვესტიციო და სხვა სფეროებში. ასევე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას; გამოითქვა მზადყოფნა საერთაშორისო ორგანიზაციებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.


ჩვენს ქვეყნებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გასაფართოებლად. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია საქართველო-ბელორუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა დაგეგმილია 2016 წელს, თბილისში. კომისიის კომპეტენციაში შედის აგრეთვე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის: სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ქვეყნებისათვის საინტერესო საკითხები და დავსახეთ თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობის განმტკიცების გზები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელორუს კოლეგას სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას და აბრეშუმის გზის ინიციატივას; დაისახა ამ პროცესში საქართველოსა და ბელორუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები.



გიორგი კვირიკაშვილმა ბელორუსი კოლეგა საქართველოში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ მინსკში დაწყებული საინტერესო დიალოგი თბილისში გაგრძელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner