უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მზად არის უკრაინაში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები - ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი უკრაინელ მფრინავზე გაცვალოს, რომელსაც დღეს მოსკოვის სასამართლომ 22 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
განცხადება პოროშენკომ, ნადეჟდა სავჩენკოსთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საკუთარ მიმართვაში გააკეთა.
"პრეზიდენტი პუტინი ნორმანდიული ფორმატის შეხვედრების მიმდინარეობისას აცხადებდა, რომ ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინას ნადეჟდა სავჩენკოს დაუბრუნდებდა. დადგა დრო ამ პირობის შესრულების. თავის მხრივ, მე მზად ვარ გადავცე რუსეთს ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიაში მონაწილეობისთვის დააკავეს. მათ საქმეზე სასამართლო განხილვები ფინალურ სტადიაშია და მათი დასრულებისთანავე მზად ვარ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათი რუსეთში გამგზავრება ვუზრუნველყო", - განაცხადა პოროშენკომ.