logo_geo
eng_logo
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის საჩივარი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
- +

5 დეკემბერი. 2016. 15:32



საქართველოს ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალაში დარჩა ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. სწორედ ექსპერტ ლევან ჩაჩუას დასკვნაში ეწერა, რომ ყოფილი პრემიერი და მისი დაცვის წევრი რაულ უსუპოვი ბუნებრივი აირით გაიგუდნენ.


„ქრონიკასთან" საუბარში ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ მისი მხრიდან დეტალებზე საუბარი სწორი არ არის, რადგან საქმეში ის ჯერ კიდევ ოფიციალური პირია.


ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.


 ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის ექსპერტი, რომელსაც გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობასა და რაულ უსუპოვისა და ზურაბ ჟვანიას სიკვიდილის მიზეზებთან დაკავშირებით არასწორი დასკვნის გამოტანას ედავებოდა, სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.


ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი გულგრილობა ედებოდა ბრალად და პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საქალაქო სასამართლომ 2015 წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება ლევან ჩაჩუას უდანაშაულობის შესახებ, რომელიც ბრალდების მხარემ გაასაჩივრა სააპელაციოში. სასამართლოში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის განხილვა. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დატოვა უცვლელი.


ზურაბ ჟვანია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში იყო, 2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას, საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპვის ოფიციალურ მიზეზად მხუთავი აირით მოწამვლა დასახელდა. ზურაბ ჟვანია დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner