logo_geo
eng_logo
სამშენებლო პროცესის წახალისების მსხვერპლი მალე შესაძლებელია თავად სამშენებლო კომპანიები გახდნენ
- +

5 დეკემბერი. 2016. 18:11



ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საქართველოს მთავრობა ბიზნესისათვის შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოვიდა  და რამდენიმე  საკანონმდებლო პროექტიც წარმოადგინა, რომელიც მიზნად ისახვდა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ექსპორტის ხელშეწყობას და  საგადასახადო კოდექსში  შესაბამის ცვლილებებს.


ცნობილია, რომ 2015 წლიდან მოქმედებს საგადასახადო შეღავათი, რომლის მიზანია,  დღგ-ში საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით,  2008 წლის აგვისტოს ომისა და ფინანსური კრიზისის გამო შეჩერებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა. კერძოდ, შეღავათი გავრცელდა იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომლებზეც 2008 წლის  8 აგვისტომდე არქიტექტურული პროექტი  შეთანხმებული იყო მერიაში. შესაბამისად, დღგ-ს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლლდა მოცემულ სამშენებლო ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება და ასევე ფართების გასხვისება.


ექსპერტთა გათვლებით, სამშენებლო პროცესის წახალისების მიზნით, მიღებული საგადასახადო შეღავათის მსხვერპლი მალე შესაძლებელია, თავად სამშენებლო კომპანიები გახდნენ.


თავის დროზე, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინიციატივა იყო ძალიან დროული და რა თქმა უნდა მისასალმებელი. ამას არ უარყოფენ იურისტებიც.


აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეღავათმა ძლიერი ბიძგი მისცა წლების განმავლობაში გაჩერებულ მთელ რიგ სამშენებლო ობიექტებს. საგადასახადო შეღავათმა არა მხოლოდ გამოაცოცხლა არსებული სამშენებლო კომპანიები, არამედ შეიქმნა ახალი ინვესტიციების მოზიდვის კარგი წინაპირობები. სამშენებლო პროცესის განახლებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა ათასობით მყიდველისათვის ფართების საკუთრებაში გადაცემა, რის შედეგადაც მკვეთრად იკლეს სასამართლოში სამშენებლო დავებმა და მესაკუთრეებმაც შეძლეს შეძენილი ფართების დაცვა საკმაოდ ბევრი თანმდევი რისკისგან. სახელმწიფოსთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მენაშენეთა ასოციაციის აქტიური როლი და შედეგიანი ინიციატივები საგადასახადო შეღავათის მიღების პროცესში", - აღნიშნავს იურიდიული ფირმა „GLCC"-ის პარტნიორი და დირექტორი ალექსანდრე ქამუშაძე.


სახელმწიფოს რომ სურს საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გაჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე დაგროვილი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ცხადია და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი სწორედ ზემოხსენებული საგადასახადო შეღავათია. თუმცა, ძალიან მალე, ნებსით თუ უნებლიეთ, საგადასახადო შეღავათი შესაძლებელია სრულ საგადასახადო კოშმარად იქცეს სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისათვის.



კანონის მიხედვით, საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რომ მშენებარე ობიექტი  შევიდეს ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლომდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ დეველოპერი ვერ შეძლებს მშენებარე ობიექტის 2017 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში მიღებას, მაშინ მას ერთიანად წარმოექმნება ძალიან დიდი და რიგ შემთხვევაში კი მილიონობით საგადასახადო დავალიანება. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ დღგ- არდარიცხვასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დეველოპერმა კანონიერად მიიღო უკანასკნელი წლების მანძილზე, ჩაითვლება უკანონოდ.   ერთი მხრივ, გასაგებია, რომ სახელმწიფომ დაიტოვა დეველოპერებისათვის მნიშვნელოვანი სამოტივაციო ბერკეტი და შექმნა ერთგვარი დამატებითი სტიმული მშენებლობების დასასრულებლად, თუმცა მეორე მხრივ, შენობის ექსპლუატაციაში მიღება საკმაოდ ხშირად არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშენებლობის დასრულებაზე. ექსპლუატაციაში მიღების სტადიაზე დეველოპერი შეიძლება წააწყდეს ბევრ გაუთვალისწინებელ წინაღობას, რაშიც მას ბრალი არ მიუძღვის", - განმარტავენ იურიდიულ ფირმა „GLCC"-ში.


მოსალოდნელი საფრთხის თვალსაჩინო მაგალითად,   ერთ-ერთ ობიექტს ასახელებენ: თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს კორპუსი, რომელიც წელიწადზე მეტია რაც დასრულებულია, სადაც ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობს, თუმცა ექსპლუატაციაში მისი მიღება ვერ ხერხდება, რადგან მთელ ქუჩას, რომელზეც დგას ეს კორპუსი, აქვს წითელი ხაზების გადაფარვის პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებას, ფინანსური რესურსის გარდა, სჭირდება ქუჩაზე მდებარე ყველა არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეთა თანხმობა. ასევე საკმაოდ დიდი დრო იხარჯება მუნიციპალურ სამსახურებთან ურთიერთობისას, რაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე, დამატებითი სირთულეა დეველოპერისათვის. მაგალითად, ექსპლუატაციაში მიღების პროცესი შესაძლოა წამოწყებულმა სასამართლო დავამ შეაფერხოს.


სპეციალისტების გათვლებით, მიზანშეწონილია, რომ ერთი მხრივ, მოცემული საგადასახადო მიზნებისათვის გაიზარდოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების ვადა და მეორე მხრივ, განისაზღვროს, რომ ამ ვადაში შენობის ექსპლუატაციაში მიუღებლობის შემთხვევაში, დეველოპერმა დაკარგოს უფლება   საგადასახადო შეღავათით კვლავ სარგებლობისა  კონკრეტულ ობიექტზე.


ალექსანდრე ქამუშაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხარვეზზეც საუბრობს, რაც მისი ხედვით, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს: არის შეღავათით მოსარგებლე ობიექტების დადგენის მეთოდი. კერძოდ, მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, შეღავათით სარგებლობენ მხოლოდ ის ობიექტები, რომლებზეც 2008 წლის 8 აგვისტომდე არქიტექტურული პროექტი იყო შეთანხმებული მერიაში. შესაბამისად, ის ობექტები, სადაც არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა პირობითად ერთი დღით დაგვიანებით, ანუ 2008 წლის 9 აგვისტოს, ვერ ისარგებლებენ ამ შეღავათით. ეს გარემოება ეწინააღმდეგება საგადასახადო შეღავათის მთავარ მიზანს - ხელი შეუწყოს სამშენებლო პროცესს იმ ობიექტებზე, როლებიც ომისა და კრიზისის შედეგად დაზარალდნენ. ამასთან, სამშენებლო ბაზარზე იქმნება არათანასწორი და არაჯანსაღი კონკურენტული გარემო. ცხადია, რომ ომმა და კრიზისმა ზიანი მიაყენა  ისეთ ობიექტებსაც, რომლებმაც ვერ მოასწრეს" 8 აგვისტომდე პროექტის შეთანხმება. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა დეველოპერმა მოსახლეობასთან მოლაპარაკება დაიწყო 2006 წელს. სხვადასხვა მიზეზის გამომოლაპარაკების პროცესი დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა,   რომლის განმავლობაშიც დეველოპერს უკვე მოუწია მნიშვნელოვანი თანხის ინვესტირება პროექტში. შემდგომ დაიწყო პროექტის ესკიზის მერიაში შეთანხმების ხანგრძლივი პროცესი, რასაც ასევე თვეები დასჭირდა, რადგან ობიექტი მდებარეობდა ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას. 2008 წლის სექტემბერში, როგორც იქნა, მერიამ შეითანხმა პროექტი, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ინვესტორმა ვეღარ შეძლო  პროექტის გაგრძელება და დღემდე ასეთი ვითარებაა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო შეღავათის პირობებში, არსებული თუ სხვა ინვესტორი რეალურად შეძლებდა მშენებლობის გაგრძელებას".


იურიდიული ფორმა „GLCC"-ის იურისტებს მიაჩნიათ,  რომ საგადასახადო შეღავათი უნდა გავრცელდეს ისეთ ობიექტებზე, რომელზეც არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა არა 2008 წლის 8 აგვისტომდე, არამედ სულ მცირე მომდევნო 6 თვის ვადაში მაინც.


რამდენად გაითვალსწინებს, ახლად დამტკიცებული მთავრობა და ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანო ექსპერტებისა და სპეციალისტებს აზრსა და რეკომენდაციებს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მათგან დროულ რეაგირებას ელიან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner