logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: უპრეცედენტო პროგრამის ფარგლებში კეთდება ისეთი ობიექტები, სადაც 40-50 წელი არაფერი გაკეთებულა
- +

5 დეკემბერი. 2016. 23:54



კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ წინ გველის ძალიან სერიოზული ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სტრუქტურულ ოპტიმიზაციას გულისხმობს. გიორგაძის განცხადებით, სამინისტროს ფუნქცია ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც კულტურის ნებისმიერ დარგს განვითარების შესაძლებლობა ექნება.


„ვაძლიერებთ საგანმანათლებლო კომპონენტს, რომელიც სახელოვნებო განათლების ნაწილში ძალიან ბევრ, მათ შორის, მთავრობისთვის და საზოგადოებისთვის საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას მოიცავს. ამავე დროს, ეს მოიცავს კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებას. კულტურის სამინისტროს ფუნქცია თავიდანვე უნდა იყოს გააზრებული, რაზეც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ.  ვფიქრობ, სტრატეგიული დაგეგმარებისა და პოლიტიკის განსაზღვრის ხვედრითი წილი სამინისტროს ფუნქციებში  უნდა გაიზარდოს და სამინისტროს ფუნქცია ანალიტიკური უნდა იყოს. სხვადასხვა დაფინანსების სქემები კი, სამინისტროდან გატანილ უნდა იქნას.

 

ჩვენ არ ვსაუბრობთ თეატრალური, სახვითი ან თანამედროვე ხელოვნების, კინოს, მუსიკის განვითარებაზე. ამ საკითხს სფეროს პროფესიონალებს ვუტოვებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ  კულტურის სამინისტროს მისია ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ინფრასტრუქტურის, პროფესიული განათლებისა და უნარ-ჩვევების  განვითარების თვალსაზრისით, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს დარგის განვითარებისთვის ნაყოფიერი გარემო შეექმნებათ", - განაცხადა გიორგაძემ.


როგორც გიორგაძემ აღნიშნა, უკვე წელიწად-ნახევარია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უპრეცედენტო პროგრამაა გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც ისეთი ობიექტები კეთდება, სადაც 40-50 წელი არაფერი გაკეთებულა.


„მაგალითად, მიმდინარეობს სამხატვრო აკადემიის სრული რეაბილიტაცია და ამ მოცულობითი პროექტის დასრულება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი. ასევეა თეატრალური უნივერსიტეტი, სადაც სამხატვრო აკადემიასთან ერთად, პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გარემო იყო შექმნილი. პროგრამის ფარგლებშია მუსიკისა და დრამის თეატრი, ეროვნული მუსიკალური ცენტრი და თოჯინების თეატრი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში იყო დარჩენილი . რამდენიმე დღის წინ,  სამუშაოები ნულიდან დავიწყეთ. პრაქტიკულად, ახალ თოჯინების თეატრს ვაშენებთ და მისი სახით, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ალმასი გვექნება. ნაკლებად მასშტაბური სამუშაოები მიდის მუზეუმებში, თეატრებში, მათ შორის - რეგიონებში", - განაცხადა გიორგაძემ.


როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მიმდინარე სამუშაოებში და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაში ძალიან აქტიურადაა ჩართული ფონდი „ქართუ" .


„ფონდი „ქართუ"  ძალიან აქტიურადაა ჩართული სამუშაოებში და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაში, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ობიექტების რაოდენობისა და ბიუჯეტის თვალსაზრისით, აბსოლუტურად რეკორდული და უპრეცედენტო იყო ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner