"საგადასახადო ცვლილებების შესახებ კანონი საქართველოში, მეწარმეობას წაახალისებს"
ბიზნესისთვის უმჯობესია, რეინვესტირების შემთხვევაში, მოგების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
ამის შესახებ ბიზნესასოციაციის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს.
„ჩვენ საჯაროდ მივმართეთ მთავრობას გუშინ, ხოლო პირველივე დღიდან, რაც ჩვენ მოგვაწოდეს საგადასახადო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, ვთვლით, რომ თავად ბიზნესისთვის უმჯობესია რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან, რადგან როგორც ვიცით, მოგების გადასახადის გადახდა, ყოველთვის ხდებოდა წლიური დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა ერთწლიან პერიოდს, შესაბამისად, რომ მომხდარიყო ნახევარწლიანი დეკლარირება, გაჩნდებოდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, გაურკვეველი საკითხები, თუ როგორ უნდა მოხდეს ხარჯისა, თუ შემოსავლის გამიჯვნა და ა.შ. ეს არ ეხება მხოლოდ მსხვილ ბიზნესს, მსხვილი ბიზნესი მეტნაკლებად, მოაგვარებდა ამ პრობლემებს, ვინაიდან მათ აქვთ მეტი რესურსი, ეს იქნება ადამიანური რესურსი თუ სხვა. ხოლო რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელსაც წარმოადგენს კომპანიების უმრავლესობა, მათთვის მოკლე პერიოდში ამ საკითხების მოგვარება თითქმის წარმოუდგენლად მიმაჩნია.
სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ახლა, რადგან ეს ძალიან კარგი კანონია, რომელიც წაახალისებს მეწარმეობას საქართველოში, თუმცა მისი ამოქმედება უნდა მოხდეს 2017 წლის იანვრიდან, როდესაც დაიხურება წელი",- აცხადებს ლალაზაშვილი.