logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
- +

6 დეკემბერი. 2016. 14:06



საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ,,ფოტორეპორტიორების საქმეზე", ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების  ფაქტზე  დაკავებულ იქნა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

 

„ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

 

აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურის მიერ ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შემდეგაც გამოვლენილ იქნენ  ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები და თავის მხრივ დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

გარდა ამისა, პროკურატურამ საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მოახდინა ფოტორეპორტიორების საქმის ყველა ძირითადი მასალის და დოკუმენტის განსაიდუმლოება, რის შემდეგაც მოგვეცა საშუალება საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი და ასევე გავაცნოთ ახალი გამოძიებით დადგენილი მნიშვნელოვანი ფაქტები.

 

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრეს სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.

 

სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე.

 

ფოტორეპორტიორების დაკავებამდე, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებდა ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებას. ზურაბ ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს სააგენტოს ,,ეპა"-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით ქ.მოსკოვში. თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ზურაბ ქურციკიძეს ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ხსენებული სააგენტოს თანამშრომლებთან, რომელთაც ხელშეკრულების საფუძველზე, ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების - უშტატო თანამშრომლების: ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც.

 

სწორედ, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ განხორციელებული - ფოტორეპორტიორობა დაედო საფუძვლად სამართადამცავების მხრიდან მათი ჯაშუშობის ბრალდების ლეგენდის შექმნას.

 

კერძოდ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე ქ.მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით ზურაბ ქურციკიძე თითქოს სისტემატიურად უგზავნიდა ევროპის პრეს სააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის ირაკლი გედენიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის  გიორგი აბდალაძისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გამოგონილი ბრალდების თანახმად ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდათ ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე.

 

სამართალდამცავების მიერ ხსენებული ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავებას საზოგადოებაში და საერთაშორისო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თბილისში დაიწყო პერმანენტული აქციები ფოტორეპორტიორების გათავისუფლების მოთხოვნით. იმჟამინდელი ხელისუფლება მასმედიის და საზოგადოების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. საზოგადოება პროკურატურისგან საქმის გასაჯაროებას და უკანონოდ დაკავებული ფოტორეპორტიორების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა.

 

ყოველივე ამის შედეგად, სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა შედეგად მათ მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, რომელსაც გაასაჯაროებდნენ, საზოგადოებას შეიყვანდნენ შეცდომაში და ამ გზით შეეცდებოდნენ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას.

 

ამ მიზნით, დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისთანავე, მათთან არაოფიციალურად შედიოდა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობების და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. ამას დაემატა ისიც, რომ დაკავებულ ნათელა გედენიძეს დავით დევნოზაშვილმა წარუდგინა სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში დაემუქრა მისი საჯარო სივრცეში გავრცელებით, რის შედეგადაც ნათელა გედენიძე გახდა ცუდად და დასჭირდა ექიმის დახმარება. აღნიშნული ფოტო ასევე აჩვენეს დაკავებულ ირაკლი გედენიძეს და დაემუქრნენ მისი გავრცელებით.

 

განხორციელებულ  ზეწოლას ვერ გაუძლეს ცოლ-ქმარმა ნათელა და ირაკლი გედენიძეებმა და ისინი იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ სამართალდამცავების მიერ წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებისთვის, რის შემდეგაც ნათელა გედენიძე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხოლო ირაკლი გედენიძეს სამომავლოდ შეპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გიორგი აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში.

 

ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე, საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით და დახმარებით სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. მათ საკნებში არ ქრებოდა შუქი და საკნები აყვანილი იყო მუდმივ ვიდეო კონტროლზე. ალექსანდრე მუხაძის დავალებით პატიმრები აჰყავდათ ციხის ადმინისტრაციაში, სადაც დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად აგრძელებდა მუქარას აღიარებითი ჩვენების მისაღებად. საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 8 დღის შემდეგ, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძეც დაითანხმეს აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, მათ საგანგებოდ შეასწავლეს სამართალდამცავების მიერ წინასწარ დაწერილი ჩვენება, რასაც მთელი ღამის განმავლობაში ამეორებინებდნენ დაკავებულებს, რათა ადვოკატების თანდასწრებით არაფერი შეშლოდათ. მეორე დღეს კი მათი დამცველი ადვოკატების მონაწილეობით ვიდეოკამერაზე ჩაწერეს აღიარებითი ჩვენებები, რასაც ადვოკატების მწვავე პროტესტი მოჰყვა. საქმის წარმატებით დასრულებას სწორედ ადვოკატების მიერ გამოთქმული პროტესტი უშლიდა ხელს. აქედან გამომდინარე,  გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს დააწერინეს განცხადებები და უარი ათქმევინეს მათ დამცველ ადვოკატებზე, რის შემდეგაც პროკურატურის მაღალჩინოსნების მოთხოვნით და რეკომენდაციით საქმეში სხვა ადვოკატები ჩაერთვნენ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი და ნათელა გედენიძეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, კი ფოტორეპორტიორებს მკაცრად აუკრძალეს ამ თემაზე ყოველგვარი საუბარი საჯარო სივრცეში.

 

კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.

 

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად.

 

გარდა ამისა, უკანონოდ გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner