საქართველოს პროკურატურამ ე.წ. „ფოტორეპორტიორების საქმეზე" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძისა და ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვა მოხდეს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მაშინდელმა ხელისუფლებამ ანგარიშსწორების მიზნით, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე დააკავა.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს-სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრეს-სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.
სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.