logo_geo
eng_logo
„დავით დევნოზაშვილი მუქარითა და შანტაჟით ითხოვდა ჯაშუშობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას“
- +

6 დეკემბერი. 2016. 14:58



საქართველოს პროკურატურამ ე.წ. „ფოტორეპორტიორების საქმეზე" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძისა და ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვა მოხდეს. საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი კი დააკავეს.


პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნოზაშვილი დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან საკანში შედიოდა და მათ მიერ გამოგონილი ჯაშუშობის აღიარებას დაშინებითა და შანტაჟით მოითხოვდა.


„ფოტორეპორტიორების დაკავებამდე, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებდა ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებას. ზურაბ ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრეს-სააგენტოს „ეპა"-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით ქ.მოსკოვში. თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ზურაბ ქურციკიძეს ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ხსენებული სააგენტოს თანამშრომლებთან, რომელთაც ხელშეკრულების საფუძველზე, ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების - უშტატო თანამშრომლების: ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც.

სწორედ, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ განხორციელებული ფოტორეპორტიორობა დაედო საფუძვლად სამართადამცავების მხრიდან მათი ჯაშუშობის ბრალდების ლეგენდის შექმნას.

 

კერძოდ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდების თანახმად, 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე ქ.მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს გასამრჯელოს დაპირების საფუძველზე კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის გადაბირებულ იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მათი ორგანიზებით, ზურაბ ქურციკიძე თითქოს სისტემატურად უგზავნიდა ევროპის პრეს-სააგენტოს თანამშრომლებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფოტოებს და მასალებს, რომლებსაც ქურციკიძე მოიპოვებდა  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოპერატორის ირაკლი გედენიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფის  გიორგი აბდალაძისგან, რომლებმაც თითქოსდა იცოდნენ ქურციკიძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გამოგონილი ბრალდების თანახმად ფოტოგრაფების მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს დახმარებას ასევე უწევდათ ირაკლი გედენიძის მეუღლე, ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე.

 

სამართალდამცავების მიერ ხსენებული ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავებას საზოგადოებაში და საერთაშორისო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თბილისში დაიწყო პერმანენტული აქციები ფოტორეპორტიორების გათავისუფლების მოთხოვნით. იმჟამინდელი ხელისუფლება მასმედიის და საზოგადოების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. საზოგადოება პროკურატურისგან საქმის გასაჯაროებას და უკანონოდ დაკავებული ფოტორეპორტიორების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა.

 

ყოველივე ამის შედეგად, სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა შედეგად მათ მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, რომელსაც გაასაჯაროებდნენ, საზოგადოებას შეიყვანდნენ შეცდომაში და ამ გზით შეეცდებოდნენ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას.

 

ამ მიზნით, დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისთანავე, მათთან არაოფიციალურად შედიოდა  საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც მოსალოდნელი ციხის მძიმე პირობების და მათი ოჯახის წევრებისთვის პრობლემების შექმნის მუქარით დაჟინებით ითხოვდა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერას. ამას დაემატა ისიც, რომ დაკავებულ ნათელა გედენიძეს დავით დევნოზაშვილმა წარუდგინა სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო და აღიარებითი ჩვენების არმიცემის შემთხვევაში დაემუქრა მისი საჯარო სივრცეში გავრცელებით, რის შედეგადაც ნათელა გედენიძე გახდა ცუდად და დასჭირდა ექიმის დახმარება. აღნიშნული ფოტო ასევე აჩვენეს დაკავებულ ირაკლი გედენიძეს და დაემუქრნენ მისი გავრცელებით.

 

განხორციელებულ  ზეწოლას ვერ გაუძლეს ცოლ-ქმარმა ნათელა და ირაკლი გედენიძეებმა და ისინი იძულებული გახდნენ, ხელი მოეწერათ სამართალდამცავების მიერ წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებისთვის, რის შემდეგაც ნათელა გედენიძე გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხოლო ირაკლი გედენიძეს სამომავლოდ შეპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გიორგი აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner