logo_geo
eng_logo
8 დეკემბერს რეზო ჩხეიძის იუბილეა
- +

6 დეკემბერი. 2016. 15:24



8 დეკემბერს რეზო ჩხეიძის იუბილეა. დიდ ხელოვანს და საზოგადო მოღვაწეს 90 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ერთობის დარბაზმა" გაავრცელა  მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„8 დეკემბერს, დიდი ხელოვანის, ჯარისკაცის მამის, რეზო ჩხეიძის საიუბილეო თარიღია - მისი დაბადებიდან 90 წელი სრულდება. მის გარეშე ვხვდებით.

 

სახელმწიფო კაცი იყო და მისი ცხოვრების ბოლო წლებშიც სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ჰუმანიზმის დიდი მაგალითები მოგვცა.

 

 „არასრულწლოვანს, ქალს, 70 წელს გადაცილებულ მამაკაცს, ციხეში რა უნდა, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე არ ჩაუდენიაო", - მისწერა 2014 წლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას.

 

რეზო ჩხეიძემ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი წერილი ასე დაასათაურა: „ეს არის ჩემი თხოვნა, იქნებ უკანასკნელიც!"

 

რას ითხოვდა დიდი ხელოვანი:

 

„მომდევნო 2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი 800 წლის იუბილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს, მართლაც მსოფლიო დღესასწაული იყო სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით უფრო მასშტაბური გახდეს, იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. გენიალურმა შოთამ და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები".

 

უკეთესად ვერ ვიტყვით, ვიდრე ეს ბატონმა რეზომ შეძლო. ასე მარტივად და ლაკონურად თქვა ის, რაც ყველა ქართველის გულშია, რაც არნახულად სჭირდება მომავლის საქართველოს.  არ არის ეს  კარგი, რომ დღემდე  ვერ   შევძელით მათი შესრულება. 

 

არ არის კარგი, რომ  მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა დიდ სახალხო სურვილად ქცეული დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნება სწორედ იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა მოხდა საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.  იქნებ მომდევნო წელს მაინც დავაბრუნოთ დავით აღმაშენებლის ძეგლი პირვანდელ ადგილზე. იქნებ მომდევნო წელს მაინც შევძლოთ  დიდი შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილეს აღნიშვნა... იქნებ მომდევნო წელს მაინც ჩავატაროთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლო კონგრესი ისე, როგორც ეს ბატონ რეზოს თავკაცობით ჰქონდა დაგეგმილი მეცნიერთა, ხელოვანთა, სახელმწიფო მოღვაწეთა დიდ ჯგუფს. 

 

ეს საქართველოს სჭირდება...   მომავლის საქართველოს! 

 

ამ საქმეებს სჭირდება სამთა კავშირი: ხალხის, ეკლესიისა და  ხელისუფლების. დარწმუნებული ვართ, ხელისუფლების თაოსნობით, ეს დიდი საქმეები განხორციელდება.

ბატონ რეზო ჩხეიძეს ჰქონდა სურვილი, რომ კინოდ - დოკუმენტურ ფილმებად გვექცია „ქართული მთაწმინდა", მადლიერებით ვყოფილიყავით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მხრებით ზიდა ქართული განწყობა. ეს სამომავლო საქმეა და დარწმუნებული ვართ, ხალხის, ხელისუფლების მხარდაჭერით, ამას შეძლებს ბატონი რეზო ჩხეიძის მიერ დაარსებული და ქართველი ხალხისთვის საჩუქრად გადაცემული ტელევიზია „ქართული" . ამ  ეტაპზე კი საშური საქმეა დავიწყოთ ბატონი რეზო ჩხეიძის იდეის, „მადლიერების დღეების" აღნიშვნა, დავიწყოთ იგი ამ იდეის ავტორის, ბატონი რეზოსადმი მადლიერების დღით.

 

7 დეკემბერს, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, ხოლო ბატონი რეზოს დაბადების დღეს, 8 დეკემბერს, მის მშობლიურ ქალაქ ქუთაისში, ტარდება დიდი ხელოვანისადმი მადლიერების დღეები და იწყება იმ ადამიანებისადმი მადლიერების წელიწადი, რომელთაც ისტორიის მძიმე ქარტეხილებში გამოატარეს ჩვენი ქვეყანა და დაგვიტოვეს დიდი ქართული განწყობა:

 

„გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო!" - ნათქვამია მიმართვაში.


„ქართული ერთობის დარბაზის" ამ მიმართვას დამფუძნებლებთან ერთად ხელი 500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner