logo_geo
eng_logo
გრიგოლ გოგელია: „მორფინისტი“ რომ არ გვინდა „საზმაუს“ დირექტორად, ალბათ, ნებისმიერს ესმის
- +

6 დეკემბერი. 2016. 16:30



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა საჭირო აღარ არის.


2013 წელს, როდესაც „საზოგადოებრივმა მაუწყებელის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოცხადდა, პირველი ტურისთვის ნებისმიერ კანდიდატს უნდა წარედგინა განცხადება (საკონტაქტო მონაცემების მითითებით) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს სახელზე და თან დაერთო დოკუმენტები. 2013 წელს საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში იყო სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. 


2016 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად საჭირო აღარ არის სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რადგან ეს პუნქტი ამოღებულია დოკუმენტების ჩამონათვალიდან.


იმის გასარკვევად, თუ რატომ მოხდა  სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ამოღება საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალიდან, „აიპრესი" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ დოკუმენტის ამოღების გადაწყვეტილება ბორდმა მსჯელობის შედეგად მიიღო.


-საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ნარკოლოგიური ცნობა საჭირო აღარ არის, ხომ ვერ განგვიმარტავთ, რატომ?


-არ ვიცი, აღარ მახსოვს მე უბრალოდ, ვერ გეტყვით. ვიმსჯელეთ ჩვენ რაღაც კრიტერიუმებზე და შევთანხმდით, რა იყო კანონიერი და რა არა. კანონში არ არის მოთხოვნა მაგ ცნობის და ნარკოლოგიურს მერე შევამოწმებინებთ. რამე პრობლემას ხედავთ თქვენ მაგაში?


-მე უბრალოდ ვკითხულობ, რომ ეს ცნობა წარსადგენ აუცილებელ დოკუმენტების ჩამონათვალში იყო 2013 წელს, რაღაც მიზეზის გამო ამოიღეთ.


-სად იყო? კანონში ასეთი მოთხოვნა არ არსებობს.


-კანონს არ ვგულისხმობ, 2013 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მოთხოვნები, იქ იყო აუცილებელი ეს ცნობა, ახლა აღარაა. ეს მაინტერესებს, რატომ?


-გასაგებია, ჩვენ ვიმსჯელეთ. ბევრი ვიმსჯელეთ სხვადასხვა კრიტერიუმებზე, რა უნდა ყოფილიყო და რა არა და ბორდმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და იმიტომ მიიღო, რომ რაღაც არგუმენტები არსებობდა.


-მაგალითად, რა არგუმენტი?


- აღარ მახსოვს, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სხვადასხვა საკითხია, უამრავი თემა, კონკრეტულად ამ ნარკოლოგიურ საკითხზე.... „მორფინისტი" რომ არ გვინდა ჩვენ დირექტორად, ალბათ, ნებისმიერ ადამიანს უნდა ესმოდეს. იყო საუბარი, შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნას თუ არ შეესაბამება. ეს იყო ლაპარაკი. არ მახსოვს. მეგონა, მე სხვათა შორის, რომ ეგ პუნქტი დარჩენილი იყო. უამრავი საქმეა, მილიონი. შეიძლება ერთ კრიტერიუმზე რა არგუმენტაცია იყო, აღარ მახსოვდეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner