logo_geo
eng_logo
რუსეთის მოთხოვნით, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ლიტვაში დააკავეს
- +

6 დეკემბერი. 2016. 17:57




საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ლიტვაში დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა დაადასტურა.


რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთი მაისურაძეს ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას ედავება და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზურაბ მაისურაძე ლიტვის დედაქალაქში შაბათს, კიევიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს. სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობის სანქცია უკვე გასცა.


მისი ექსტრადირების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.


ზურაბ მაისურაძის სახელი „ლაფანყურის სპეცოპერაციის" საქმეში ფიგურირებს. სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს აძლევდნენ იარაღს, წვრთნიდნენ და ჰპირდებოდნენ „კორიდორის" მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად.


საქართველოს შს სამინისტრომ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 25 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.


29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული.


საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფიდან ლიკვიდირებული იყო 7 წევრი: საქართველოს მოქალაქეები: ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი, მუსა ადუევი.


დაიღუპა ასევე სპეცრაზმის 2 წევრი, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.


ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „გ" და „ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს - ლაფანყურელი ახალგაზრდების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner