გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, შავი ზღვის სანაპიროს რაიონებში -3, -5 გრადუსი დაფიქსირდება. კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა.
აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში შესაძლოა -13, -14 გრადუსი დაფიქსირდეს.
ტემპერატურის მკვეთრად დაცემაა მოსალოდნელი მაღალმთიან რაიონებში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსიდან -20 გრადუსამდე იქნება, დედაქალაქში კი ტემპერატურა - 5, -6 გრადუსამდე დაეცემა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე კვლავინდებურად ფიქსირდება ლიპყინული და ნარჩუნდება საშიშროება. 8 დეკემბრს თოვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი - ქარბუქი.