იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ ფოტოგრაფებისთვის, რომლებმაც ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანეს, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ რეაბილიტაციის საშუალება ეძლევათ და შეუძლიათ, საკუთარი უდანაშაულობა სასამართლოზე დაამტკიცონ.
„მაშინ, როცა გია აბდალაძეს ვიცავდი, ძალიან მძიმე დღეები იყო და შინაგანად ყოველთვის მჯეროდა, რომ გლდანის ჯოჯოხეთურ საპყრობილეში მომხდარი ყველა დეტალი ოდესღაც გამოაშკარავდებოდა. მჯეროდა, რომ ჩემი პროტესტი და ჩანაწერები, რომელსაც დოკუმენტებზე მტკიცებულებად ვტოვებდი, გიორგის მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და უკანონობის დასამტკიცებლად გამოადგებოდა. ციხეში შესულს, გიორგი აბდალაძე საოცრად დათრგუნული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მხვდებოდა. მე მას ვუყვებოდი, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა გარეთ, იმ არასამთავრობოებისგან და ჟურნალისტებისგან, ვისაც სიმართლისთვის ბრძოლის არ ეშინოდა. ამ ყველაფერს იმიტომ ვუყვებოდი, რომ ფსიქოლოგიური წნეხისთვის გაეძლო", - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, გიორგი აბდალაძე თავისი მდგომარეობის შესახებ ადვოკატთან შეზღუდული დოზით ყვებოდა. როგორც მან აღნიშნა, აბდალაძე ასევე ბოლომდე ცდილობდა, მათ მოთხოვნას არ დაჰყოლოდა, მაგრამ ბოლოს, აღიარებითი ჩვენების მიცემა მაინც მოუწია.
„ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. გიორგის ჯაშუშობის აღიარებამდე ორი დღით ადრე შევხვდი და მითხრა, რომ ბრალდების საკუთარ თავზე აღებას არ აპირებდა. თუმცა, ისიც მითხრა, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტდა, მის საკანში მყოფი ყველა პატიმარი დაისჯებოდა. მას აიძულებდნენ, ჩემს მომსახურეობაზე უარი ეთქვა, რადგან მე, ინფორმაცია გარეთ გამომქონდა და ამ უკანონობაზე განცხადებებს საჯაროდაც ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილის, მერაბიშვილის და მათი გუნდისთვის პრობლემა იყო და აბდალაძეს ჩემზე უარის თქმას ამიტომაც აიძულებდნენ.
მახსოვს რა ხდებოდა აღიარებითი ჩვენების მიცემამდე რამდენიმე წუთით ადრე. როცა მასთან ცალკე შეხვედრა მოვითხოვე და შევხვდი, მას საუბარი უჭირდა და რვეულზე მიმიწერა, რომ ჯიბეში „ჟუჩოკი" ჩამიდესო. ამით მიმანიშნა, რომ ჩვენს შეხვედრამდე მომხდარის შესახებ ვერაფერს მეუბნებოდა. ძალიან მარტივად მივხვდი, რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი ფოტოგრაფები აღიარებითი ჩვენების მისაცემად წინა ღამით მოამზადეს. ოქმზე, რომელიც შეადგინეს, მივაწერე, რომ ეს ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის ჩვენება არ იყო. ის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და არ შეიძლებოდა, მისი ჩვენება მტკიცებულებად მიეღოთ. ამას მოჰყვა ის, რომ საბოლოოდ, გიორგი აბდალაძეს ჩემზე უარი ათქმევინეს", - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, მას მოთხოვეს, საპროცესო შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
„მახსოვს, ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც მაშინ ადვოკატი იყო და დღეს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრია, აცხადებდა, როგორ შეიძლებოდა, ადვოკატს საპროცესო შეთანხმებისთვის ხელი არ მომეწერა მაშინ, როცა ბრალდებული თანახმა იყო. ჩემს მიერ იმ საპროცესო შეთანხმებაზე ხელის მოწერა არაეთიკური და ამორალური იქნებოდა და რა თქმა უნდა, არც მოვაწერე. ამიტომ, სასწრაფოდ შემცვალეს და ბოლო წამებში მოიყვანეს ადვოკატი, მირდათ ქამადაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს აჭარაში, „ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა. მან სასამართლოში ეს უკანონო საპროცესო შეთანხმება რამდენიმე წამში ისე დაადასტურა, რომ საქმის მასალებს არც კი გაცნობია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.