ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, დამკვეთები სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი იყვნენ.
აბდალაძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, „ფოტოგრაფების საქმეზე" ყველა დამკვეთმა აგოს პასუხი.
„ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს ჩვენი რეაბილიტაცია. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვიყავით უკანონო პატიმრები წინა ხელისუფლების პერიოდში. უნდა დაისაჯონ დამკვეთები. შემსრულებლები, დევნოზაშვილი იქნება ეს, პეტრიაშვილი თუ პავლიაშვილი, მნიშვნელობა არ აქვს - ისინი ასრულებდნენ დავალებებს. ვინც დაავალა, ვინც მიიღო ჩვენს მიმართ ასეთი გადაწყვეტილებები, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ესენი, ჩემი ვარაუდით, არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი", - განაცხადა აბდალაძემ.
მისივე თქმით, ფოტოგრაფებმა საკუთარი საქმით არაერთხელ დაამტკიცეს სამშობლოს სიყვარული.
„ვიღებდი მხოლოდ ფოტორეპორტაჟებს, ტექსტიც კი არასდროს დაგვიწერია. ჩვენ დაგვსაჯეს 26 მაისის რეპორტაჟების გამო. იმედი მაქვს, რომ გამოძიების პროცესში ეს დამტკიცდება. მე უსამართლოდ ვიყავი დაკავებული ყველაზე მძიმე მუხლით. ისინი როცა წითელ ხიდზე გარბოდნენ, ჩვენ ჩვენი ფოტოებით მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ქვეყანაში ომია. ჩვენი რეპორტაჟებით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი სამშობლო და ქვეყანა უზომოდ გვიყვარს იმათგან განსხვავებით ვინც გვაბრალებდა ჯაშუშობას", - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.