ავტორი ალა გრიგალაშვილი
თბილისის მერიისა და საკრებულოს 38 თანამშრომელს ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესებს შეასწავლიან; მხოლოდ პედაგოგის მომსახურება თბილისის ბიუჯეტს 7 200 ლარი დაუჯდება. აღნიშნულ საბიუჯეტო ხარჯებს არამიზნობრივს უწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი.
„განვითარებულ და აყვავავებულ ქვეყნებში არის მსგავსი რამ, როდესაც სტუმრები მოდიან ან გადიხარ სტუმრად, თავისი წესები აქვს ყველაფერს. იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკაში ახალი სახეები შემოდიან და უხდებათ ასეთ გარემოში მოხვედრა, მათ უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი. თუმცა ამაზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ხარჯვა არასამართლიანად მიმაჩნია. თუ ადამიანს პრეტენზია აქვს, თანამდებობის პირი იყოს, ისიც უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს სუფრასთან.
არ ვიცი, რა ჭკუაზე იყვნენ ის ადამიანები, ვინც ეს ტენდერი გამოაცხადა. არ მიმაჩნია სწორად... ქალაქში თუ მთლიანად ქვეყანაში უამრავი პრობლემა გვაყრია, მთავრობაში იმაზე მიდის საუბარი, რომ თითოეულ თეთრს გავუფრთხილდეთ, ეკონომიურად ვხარჯოთ, ჩავდოთ ფული ისეთ პროექტებში, რომელიც ეკონომიკას გააუმჯობესებს და არა იმაში, თანამდებობის პირებმა სუფრასთან მოქცევის და ჩაცმის სტილი ისწავლონ.
იმედი მაქვს, მსგავსი რამ არ განმეორდება არც მერიაში და არც სხვა საჯარო უწყებებში", - განაცხადა კოპალიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში.