საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი NATO-ში ალექსანდრე მაისურაძე ბრიუსელში არსებულ ვითარებას აფასებს და გადაცემა 2030-თან აღნიშნავს, რომ ტერორისტების მიზანი, მსოფლიოში არასტაბილურობის განცდა შექმნან, მიუღწეველია:
„ტერორისტებს ერთი მიზანი აქვთ - შექმნან ქაოსი და არასტაბილურობის განცდა. მათი მთავარი სამიზნე ის ფასეულობები და ღირებულებებია, რომელზეც თანამედროვე, ცივილური სამყარო დგას. ევროპის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, შექმნილი მდგომარეობა ევროპას კიდევ უფრო გააერთიანებს. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში ყველანი უნდა ჩავერთოთ. ერთად დგომით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემების გაძლიერებითა და მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაცვლით... საფრთხეებთან გამკლავებას შევძლებთ.
NATO-ს შტაბბინა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ევროატლანტიკური სივრცისთვის ბრიუსელი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია, რადგან აქ არა ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შტაბბინაა განთავსებული. ტერორისტებმა ეს ქალაქი თავის სამიზნედ ამიტომაც შეარჩიეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ქალაქია, მაგრამ, როგორც ჩანს, იყო სუსტი წერტილები, რომლის გამოყენებაც ტერორისტებმა შეძლეს. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრების აქტიურობითა და ჩართულობით, ბელგიის შესაბამისი უწყებები ამ სუსტი წერტილების იდენტიფიცირებას შეძლებენ." - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.