logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: როინ მეტრეველს დღეს 77 წელი შეუსრულდა!
- +

7 დეკემბერი. 2016. 22:09


1965 წლის შემოდგომაზე დედაუნივერსიტეტის 105-ე აუდიტორიაში ერთმა ასპირანტმა დისერტაცია დაიცვა. ამ დაცვას როგორც სტუდენტი-ჟურნალისტი ვესწრებოდი და ინტერვიუ ჩამოვართვი ისტორიის ფაკულტეტის მაშინდელ ლეგენდარულ დეკანს, პროფესორ შოთა მესხიას, რომელმაც იწინასწარმეტყველა: ეს ამ ახალგაზრდის პირველი წარმატება და არა უკანასკნელიო...


მალე ამ დაცვას მოჰყვა ამ დისერტანტის და მისი მეგობრის - შოთა ბადრიძის წიგნი, რომელიც პირველად (!!!) აცნობდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრიობას ცხოვრებას და პიროვნებას დიდი ექცთიმე თაყაიშვილისა, რომელიც ქართულმა ეკლესიამ შემდგომ წმინდანად აღიარა.


მას შემდეგ 50 წელი გავიდა. მაშინდელ დისერტანტს, ახლა უკვე აკადემიკოს როინ მეტრეველს დღეს 77 წელი შეუსრულდა. ეს იუბილე მან უმშვენიერესი წიგნის გამოცემით აღნიშნა, რომელიც რუსთაველის ეპოქას ეძღვნება. წიგნი, რომლის გაცნობა არამარტო სასარგებლოა, არამედ დიდად საამაყოც.


ახლა ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, ზომიერების გადაჭარბება არ გვეკადრება. ამიტომ ნურავინ ჩამითვლის გადაჭარბებად იმას, რასაც გაბედულად ვიტყვი: ბ-ნი როინ მეტრეველი სრულიად უნიკალური მოვლენა ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში.


უაღრესად გამორჩეული, ნაყოფიერი და ხელხვავიანი მეცნიერი, დიდი ივანე ჯავახიშვილის და მისი ერთობ პატივსაცემი კოლეგების, მათი მოწაფეების საქმის არა მარტო გამგრძელებელი, არამედ ავტორიტეტული ლიდერი; ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღმზრდელი, გზის გამკვალავი და მხარდამჭერი.


დიდ ირაკლი აბაშიძესთან ერთად პირველი ქართული ენციკლოპედიის მთავარი მესაძირკვლე, მეცნიერ-შემოქმედთა ამ განუმეორებელი ჯგუფის თავკაცი.


დედაუნივერსიტეტის ისტორიაში ერთერთი გამორჩეული რექტორი. უმძიმეს პერიოდში, როცა საქართველოში შუქი, წყალი, გათბობა სანატრელი იყო, როცა "დროული ხელფასის" უბრალო ცნებაც კი მწარენარევ ღიმილს იწვევდა, უნივერსიტეტში სწავლა ერთი (!!!) დღითაც არ შეწყვეტილა. ცალკე თემაა, რის ხარჯზე კეთდებოდა ეს. რომ არა თავდადება პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა კოლექტივისა, რომელსაც ზვიად გამსახურდიას თაოსნობით სათავეში ჩაუდგა და შემდგომი 13 წლის მანძილზე თავკაცობდა პროფესორი როინ მეტრეველი, უნივერსიტეტი თავზე "დაენგრეოდა" ქვეყანას. და რაც არ უნდა იქირქილოს ავმა, ბოროტმა და "დაუნახავმა" ენამ, გამიზნულად რა ცილიც არ უნდა დასწამოს მავანმა, ამ დამსახურებას ვერავინ წაართმევს საუნივერსიტეტო ცხოვრების ამ ავტორიტეტულ და ნიჭიერ ორგანიზატორს.


1972 წლის ოქტომბრის დასაწყისში, საზოგადოებრივ არენაზე მოქმედი, 33 წლის უაღრესად პერსპექტული სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც თაობის ლიდერად ითვლებოდა და რესპუბლიკის სავარაუდო ხელმძღვანელად მოიაზრებოდა, ინტრიგების მეშვეობით და გამოკვეთილად სუბიექტური გადაწყვეტილებით ჩამოაშორეს პოლიტიკურ სცენას. იმ პერიოდში ზოგიერთმა არაკაცმა უკადრებელიც კი იკადრა, შემდგომაც არაერთგზის დაუმსახურებლად ატკინეს გული, მაგრამ არ მახსოვს ახალგაზრდა როინ მეტრეველს დაეკარგოს წონასწორობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიეყენებინოს თავის ბიოგრაფიისთვის. უფრო მეტიც, მავანისთვის პასუხი გაცემის არაერთ მსურველი თავად მეტრეველმა დაამუხრუჭა, რათა საბაბი არ მიეცა ქვეყნის სათავეში მოსული ჯგუფის ზოგიერთი "ენთუზიასტისთვის" ანგარიში გაესწორებინა განსაკუთრებით გამორჩეული "როინისტისთვის". (ამ "მომენტს" იმიტომ ვიხსენებ, რომ დავაოკო ზოგიერთი ჭკუასუსტი თუ ცხელთავა, რომელსაც ზოგჯერ დღესაც კი, წინ უსწრებს ენა, თუმც არ ყოფნის ასაკი, განათლება, გამოცდილება და, "ჟარგონით" რომ ვთქვათ, კაცობა "ჭრას და კეროს" ის ეპოქა, ის დრო, ის საქმეები და იმდროინდელი პერსონების ნაღვაწი.)


სამართალმა გვიან, მაგრამ, როგორც იტყვიან, მაინც ჭამა პური. და ეს, უწინარესად, გამოიხატა იმ მეცნიერულ პროდუქციაში, რომელიც ასზე ბევრად მეტ მცირე თუ სქელტანიან წიგნს, უამრავ პუბლიკაციას ითვლის და რომელთა გარეშეც მომავალში წარმოუდგენელია ქართული ისტორიოგრაფია.


ორი წლის წინ, როცა საპატრიარქოს უნივერსიტეტში შეკრებილმა ნაღებმა საზოგადოებამ მეტისმეტად თავმდაბლურად, მაგრამ ღირსეულად აღნიშნა 75 წლის აკადემიკოსის დამსახურება, სასიამოვნოდ გაგაოცებდათ მისი მოწაფეების გულწრფელი გამოსვლები და შეფასებები. სწორედ მის წიგნებს, პუბლიკაციებს და მისი აღზრდილების საქმიანობას ვთვლი პირადად მე, იმ "სამართლის ქმნად", რაც არა და არ მოხდებოდა, რომ არა 1972 წლის ოქტომბრის დასაწყისში დამთავრებული პოლიტიკური კარიერა და "ახალი ცხოვრების" დაწყება.

 

როინ მეტრეველის ბიოგრაფია, საქმიანობა იმის ნათელი დადასტურებაა, თუ რა შეუძლია ნიჭს, შრომისმოყვარეობას, სულიერებას, უკეთილშობილეს ადამიანურ თვისებებს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ადრე-სიყმაწვილეში დაკარგა საამაყო მამა და არცთუ დალხენილ პირობებში იზრდებოდა დედისერთა ბიჭი. დიახაც, რომ საოცარმა დედა-შვილობამ და საკუთარმა ღირსებამ საზოგადოებას მისცა ნამდვილი მოქალაქე, ოჯახს-სამაგალითო მეუღლე და მამა, საქართველოს ისტორიას -ერთობ კომპეტენტური მკვლევარი, ეროვნულ აკადემიას საამაყო წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, საახლობლოს - უღალატო და ერთგული მეგობარი. ამ "მონოლოგის" გაცნობის შემდეგ, ჩემი მრავალრიცხოვანი ფეისბუკელი "ფრენდისთვის" ნათელი უნდა იყოს რატომ მიყვარს და ვამაყობ ჩემი მეგობრით.


გაუმარჯოს როინ მეტრეველს!


იმ საკრალურ ორ შვიდიანს გაუმარჯოს, რომლითაც დღეს აღინიშნა მისი განვლი ცხოვრების წლები.


დღეგრძელობა არ მოაკლდეს მას და ბევრჯერ გაეხარებინოს ქართული საზოგადოება უმშვენიერესი წიგნებით.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner