logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ვახორციელებთ
- +

8 დეკემბერი. 2016. 00:03


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ გაერო-ში უკრაინის დელეგაციის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დაყენებული ინიციატივა ჩვენი დიპლომატიის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.


„დელეგაციებთან ყოველდღიური მუშაობა და ყოველწუთიერი კავშირია საჭირო და ჩვენი დიპლომატები ყველა დონეზე ასობით შეხვედრას მართავენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.  რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ  და პროაქტიური ნაბიჯები გადავდგათ, რადგან მის აგრესიას სხვანაირად ვერ შევაჩერებთ. რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას ვახორციელებთ და თუ ვინმე ამაზე უკეთეს რეცეპტს მოგვცემს და გვეტყვის, რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმის პარალელურად, რასაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ვაკეთებთ და, რასაც საერთაშირისო თანამეგობრობის მობილიზაციისთვის და ჩვენი ქვეყნის მიმართ მათი მყარი მხარდაჭერისთვის ვაკეთებთ, მადლობელი დავრჩები", - განაცხადა დოლიძემ.


დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ  აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს დაანახა, რომ მძიმე ტვირთის მიუხედავად, რუსეთის მიმართ  კონსტრუქციული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.


„ჩვენ ჩვენი უმთავრესი საკითხის, ტერიტორიული მთლიანობის დათმობას ვერ ავიტანთ. რუსეთთან კეთილმეზობლური, მაგრამ თანაბარუფლებიანი და ამავე დროს, პრინციპული ურთიერთობები გვინდა. ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ეს ყველას დაანახა და მიკვირს, როცა ოპონენტები საწინააღმდეგოს ამბობენ. ყვირილი საქმეს არ შველის. საქმეს პრინციპული, კონსტრუქციული, თანმიმდევრული და კეთილგონიერი მიდგომა შველის. სხვანაირად,  წარსულში რა შედეგიც მივიღეთ, კარგად გვახსოვს", - განაცხადა დოლიძემ.


როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ის, რაც ცენტრალური მაგისტრალიდან სულ რაღაც კილომეტრნახევრის ფარგლებში ხდება, დიდი საფრთხეა.


„რა თქმა უნდა, რისკის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვქნათ?! ჯერ ერთი, რისკის გარეშე შამპანური არ ისმება და მეორე მხრივ, ჩვენ მღელვარე რეგიონში ვართ, რაც მარტო საქართველოს არ ეხება. რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ სტაბილური, ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული და თავდაცვისუნარიანი საქართველო რეგიონის და მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოების გარანტია. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამ საქმეში მარტო არ ვართ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა დოლიძემ.


დოლიძის თქმით, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთი დამთავრებული, NATO-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები უნდა გავაგრძელოთ.


„თუ დააკვირდებით ორ დოკუმენტს, NATO-სთან ყოველწლიურ სამოქმედო გეგმასა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ისინი პრაქტიკულად, იდენტურია. შესაძლოა, ერთი დოკუმენტის ყდა მეორეზე დიდი იყოს, მაგრამ ორივე ღირებულებებზე დაფუძნებული, ეპოქალური დოკუმენტია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ და ჩვენს თანამოქალაქეებს კეთილდღეობის მეტი საფუძველი შევუქმნათ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner