საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის კუთვნილი შპს „ავტოსერვისი 2016"-ის დირექტორი დააკავა.
„დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მერიის ბალანსზე არსებული, ავტოტექმომსახურებისთვის გათვალისწინებული ფართის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს ქრთამის სახით გამოართვა 2 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.