logo_geo
eng_logo
„კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“ - თბილისში საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
- +

8 დეკემბერი. 2016. 12:58



მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - „ტექნოპარკში", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, მიმდინარეობს  ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის".


ღონისძიება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტმა  მიხეილ გიორგაძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანუშ ჰერმანმა.


საერთაშორისო ფორუმი 8-9 დეკემბერს ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ, ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას.


ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ორი დღის მანძილზე ერთმანეთს გაუზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები, „შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი საქართველოში" და სხვ.


ფორუმის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელების  მიერ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის" მიღება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონულ თანამშრომლობას.


ფორუმის გამართვამდე, 7 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე - „გზამკვლევი შემოქმედებითი საქართველოსთვის: რეკომენდაციები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორისათვის". შეხვედრაზე ექსპერტთა ექვსმა ჯგუფმა წარმოადგინა ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციები ქვესექტორების მიხედვით.


ფორუმის დასრულების შემდეგ კი, 10 დეკემბერს, სტუდენტებისთვის გაიმართება ღონისძიება TeamLAB Georgia 2016. ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარის მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების, დიზაინის, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა შემოქმედებითი ძალისხმევა და ცოდნა.


ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა; მხარდამჭერები - თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი.


ფორუმში ასევე მონაწილეობენ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური  დირექტორატის წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები ევროპიდან, კულტურის პროფესიონალები, განათლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.



ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა მხარს უჭერს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას და მათი კონტრიბუციის გაზრდას აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სოციოეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განვითარებაში.


www.culturepartnership.eu/


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner