ვახო ხუზმიაშვილი: „ბევრმა არ იცოდა „იბერია" რომ ეთერში იყო, ისე ეუბნებოდნენ მათ პროდიუსერებს იმ დღის წამყვანი რესპონდენტები, დღეს ვერ ჩაგერთვები „პრიორიტეტში" მივდივარო. მომხდარა ისეც, რომ ჩვენს გადაცემაში გასული კომენტარი სხვა ტელევიზიას გამოუყენებია, მათ შორის ფედერალურ ტელევიზიებს"
მაკა რაზმაძე: „გამაგზავნა ნარმანიასთან, მოგწონს ქვაფენილები, უთხარი ნარმანიას, დაგიგებს პატარა ქვაფენილებს სახლთან ახლოს და იარე იქით-აქეთ, იქით-აქეთო, მითხრა"
უკვე ორი თვეა ტელეკომპანია „იბერიამ" მუშაობა განაახლა.ყოველ საღამოს რვაზე, მაყურებელს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ესალმება გადაცემაში „პრიორიტეტი" და საინტერესო თემებსა და სტუმრებს სთავაზობს მაყურებელს. კვირაში ორი დღე მაკას მსახიობი გიორგი გასვიანი ცვლის, რომლისთვისაც ჟურნალისტიკა და მით უფრო ტელეწამყვანობა საერთოდ ახალი ხილია. ამ ყველაფრის უკან კი პროდიუსერები სოფო ხუციშვილი და ვახო ხუზმიაშვილი დგანან. რომლებიც, თავის დროზე, „იმედზე" „რეაქციას" და იმედის „კვირას აკეთებდნენ".
მაკა რაზმაძე: - სხვა ტელეკომპანიაში ვმუშაობდი, როცა ტელეკომპანია „იბერიის" დირექტორმა, მაკა ჯაფარიძემ დამირეკა და მითხრა, რომ 11 წლის შემდეგ ტელეკომპანია ანახლებს მაუწყებლობას და შემომთავაზა ყოველდღიური პოლიტიკური თოქშოუს წამყვანობა. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო. რასაკვირველია, დავთანხმდი.
ერთ-ერთი ყველაზე ფასეული, რაც აქ დამხვდა, არის ის, რომ მიუხედავად ამდენი უსამართლობის გადატანისა, მიუხედავად იმისა, რომ 11 წლის წინ „იბერიას" და „ომეგას" ავტომატებით შეუვარდნენ და მანამდე არნახული სისასტიკით დაარბიეს და გაანადგურეს, მისი მფლობელები საერთოდ არ არიან გაბოროტებულები.ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ, პირველივე შეხვედრისას, გამოგვიცხადეს, რომ საერთოდ არ არიან რევანშისტულ განწყობაზე და შეგვიძლია სრულიად თავისუფალი ვიყოთ თემების და სტუმრების არჩევანში, მათ შორის ვუმასპინძლოთ იმ ადამიანებსაც, ვისი მეშვეობითაც მათ ამდენი რამ დაკარგეს. ამან მართლა გამაოცა და დიდი პატივისცემით განმაწყო ამ ადამიანების მიმართ...
ეთერში გასვლა ცოტა გაიწელა. ამასობაში ძალიან უსამართლოდ დახურეს „რეაქცია", არასამართლიანად მოექცნენ ინგა გრიგოლიას. მასთან მუშაობდნენ ვახო ხუზმიაშვილი და სოფო ხუციშვილი. მათ ჩვენთან თანამშრომლობა შევთავაზე და გადაცემას, რომელზე მუშაობაც უკვე მანამდე დაწყებული იყო, ჩვენ სამივემ ერთად დავარქვით „პრიორიტეტი". სახელწოდება მაკა ჯაფარიძის იდეაა. პატარა არხია და ძალიან მეგობრული სიტუაციაა მთელ ტელევიზიაში. თავიდან ჩვენების პრობლემა გვქონდა, ახლა სატელიტზეც გავიდა „იბერია", ყველა საკაბელოზეც ჩაერთო, რეგიონებიც მოვიცავით...
- „პრიორიტეტის" მაყურებელს კარგად ახსოვს გადაცემა, სადაც სტუმრად გყავდათ გურანდა გაბუნია...
- (იღიმის) სოფო და ხუზმიკა მართლა საუკეთესო პროდიუსერები არიან, მათ შეუძლიათ არაფრისგან, თემის გარეშე დადგან შოუ. ეს ძალიან დიდი კომფორტია წამყვანისთვის. ისეთ გარემოს გიქმნიან, რომელშიც თავისუფლად ცურავ. ამიტომ ძალიან მწყდება გული, როცა აქცენტი ყოველთვის წამყვანზე კეთდება და ყველამ არ იცის, ვინ დგას ამ გადაცემის უკან. წამყვანებმა ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ თუ ვინმეს მოსწონს გადაცემა და გადაცემის წამყვანი, ეს დიდწილად პროდიუსერების დამსახურებაა... რაც შეეხება გურანდა გაბუნიას, ისეთი სიტუაცია შეუქმნეს ჩემმა პროდიუსერებმა, ქალბატონმა გურანდამაც თავისუფლად შემოცურა, ჩვეული გულწრფელობით ისაუბრა ყველაფერზე, რა თემაც გადაცემაში წამოვჭერით. ქალაქის იერსახეზე ვსაუბრობდით, მახსოვს, როგორ გამაგზავნა ნარმანიასთან, მოგწონს ქვაფენილები, უთხარი ნარმანიას დაგიგებს პატარა ქვაფენილებს სახლთან ახლოს და იარე იქით-აქეთ, იქით-აქეთო, მითხრა (იცინის). მაყურებელს უყვარს გახსნილი, გულწრფელი რესპონდენტები. ასევე, ხმაურიანი გამოდგა აგრეთვე ქეთი დოლიძის, გუგული მაღრაძის სტუმრობა „პრიორიტეტში". გუგული მაღრაძემ რეკორდი მოხსნა სახალისო ტიპის გამოხმაურებების თვალსაზრისით.
- ყოველდღიური პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობა რთული არ არის?
- თავიდან მარტო ვიყავი, არ დაგიმალავთ, დამღლელი იყო. შემდეგ დაგვემატა მსახიობი, გიორგი გასვიანი, რომელიც კვირაში ორი დღე, სამშაბათსა და ხუთშაბათს უძღვება გადაცემას. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მსახიობია და არასდროს უმუშავია ჟურნალისტად, ძალიან მალე აუღო ალღო ჯერ კორესპონდენტობას და შემდეგ უკვე წამყვანობას. ძალიან კარგია ვიზუალურადაც, ხმა აქვს არაჩვეულებრივი და რაც მთავარია, საერთოდ არ ეტყობა, რომ წამყვანობის გამოცდილება არ აქვს.
- პირდაპირ ეთერს ახლავს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, „ჩეპე" გქონია?
- რამდენიც გინდა, ზოგს ამჩნევს მაყურებელი, ზოგს არა. ისეთი შემთხვევაც გვქონია, სტუმარი რომ არ მოსულა, და ეთერს ეს არ შეტყობია. ყოფილა შემთხვევა, როცა გამომიცხადებია სტუმარი და უცებ, აღარ არის ის სტუმარი.
- რომელი თემაა, სადაც თავს კარგად გრძნობ?
- შემიძლია გითხრა, სად ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ძალიან არ მიყვარს პროტოკოლური თემები, როცა წინასწარ გაქვს შემოსაზღვრული ჩარჩოები, იცი, რა უნდა უთხრა, რა უნდა გიპასუხოს. სამწუხაროდ, ასეთი სტუმრები არსებობენ და მათ მინდა თქვენი საშუალებით ვურჩიო, ვთხოვო მეგობრულად, რომ ყოველთვის მისცენ ჟურნალისტებს თავისუფლება, რადგან ასეთ შემთხვევაში მოგებული რჩება თავადაც და მაყურებელიც.
- კითხვების შეთანხმებასაც ითხოვენ?
- უკვე ნაკლებად, საბედნიეროდ, ამ მხრივ, პოლიტიკოსებმაც მოიხსნეს კომპლექსები. ძირითადად თემებს ვათანხმებთ ხოლმე. არის შემთხვევა, როცა თემებსაც არ ვათანხმებთ. უნდა აღვნიშნო გია ვოლსკი, თამაზ მეჭიაური, რომლებიც ძალიან გახსნილები და გულახდილები არიან. ამიტომ, ყოველთვის საინტერესო და ყურებადი გამოდის ხოლმე მათი სტუმრობა. მათზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გემრიელი რესპონდენტები არიან.
სოფო ხუციშვილი:
- სოფო, კონკურენტებზე და კონკურენციაზე რას მეტყვი?
- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს, არ ვიცი ეს შეიცვლება ხვალ თუ არა, მაგრამ დღეს ასეა. ასეთი კომფორტი გვქონდა „იმედშიც", ინგა გრიგოლიასთან. ვაკეთებდით იმ თემას, რომელიც გვინდოდა და ისე, როგორც გვინდოდა, უბრალოდ, მასშტაბებია ძალიან განსხვავებული. უცნაურ გარემოში აღმოვჩნდით...
- გამოდის, რომ დღეს ინგას კონკურნენტები ხართ.
- ასეა, გვინდა ეს თუ არ გვინდა. ერთ ამბავს გიამბობთ. პროკურატურამ გახსნა ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე. ეს დაანონსდა და დავიწყეთ მუშაობა. ვახომ თავის რესპონდენტებთან დარეკა, მე - ჩემებთან. ვახო ყველა სტუმარს ეუბნებოდა, მხოლოდ ჩემს გადაცემაში მიიღებთ მონაწილეობას და დღეს სხვას არ ჩაერთვებით, კომენტარებსაც არ გააკეთებთო. ასეთ სიტუაციაში რეკავს ინგა გრიგოლია, რომელმაც მილიონი გადაცემა გააკეთა ამ თემაზე (ჩვენც ხომ იქ ვაკეთებდით ამ გადაცემებს) და მას ხარძიანის შვილი ეუბნება, რომ მე „იბერიაში" უნდა ვიყო და თქვენთან ვერ წამოვალო. ომი ატყდა, ინგამ დარეკა შემდეგი ტექსტით, - აა, სტუმარი ჩამიხსენით? სრული სიჩუმე ჩამოვარდა აქედანაც, იქიდანაც. მართლა უცნაური სიტუაცია იყო. ჩვენ სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი, ერთი გუნდის წევრები ვართ და ძალიან გვიჭირს ერთამანეთის კონკურენტებად აღქმა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამის გაგება, მაგრამ საოცარი გულშემატკივრობით ვკონკურენტობთ დღემდე. ახლა, რაც ეთერში შევიდა ინგა, ასმაგად რთულია ჩვენთვის მისი კონკურენცია. ხომ ხვდებით, ინგაა გრიგოლია, იბრძვის იყოს პირველი, ჩვენც გვაქვს ამბიცია ვიყოთ პირველები და არის ყოველდღიური საინტერეო ორთაბრძოლები. ახლაც კი, გადაცემამდე და გადაცემის მერე, პირველი, რაც თავში მომდის, ვფიქრობ ინგას შეფასებაზე, როგორი იქნება არა მარტო როგორც კოლეგის, არამედ როგორც საუკეთესო მეგობრის, რომელმაც მეც და ვახოსაც მეგობრობის საუკეთესო მაგალითი მოგვცა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
ვახო ხუზმიაშვილი: - „ფეისბუქზე" სტატუსი მომიძღვნა იმ დღეს ინგამ... ჩვენ მართლა ძალიან ვგუშემატკივრობთ ერთმანეთს. როცა ინგამ ეთერი დაიწყო, პირველი ჩვენ ჩავრთეთ ინგა გადაცემაში და მივულოცეთ ეთერის დაწყება. ასე არ აკეთებს არც ერთი ტელევიზია, ეს დაუწერელი კანონია. ვიღაცამ შეიძლება ამის გამო უვიცები გვიწოდოს, კონკურენტ არხზე კონკურენტ ჟურნალისტს გადაცემის დაწყებას რომ ვულოცავთ, მაგრამ ეს ჩვენი კეთილგანწობაა და ამას ვერ გავექცევით. 17 წლის ვიყავი, როცა „იბერიაში" დავიწყე მუშაობა. ამის მიუხედავად, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „რეაქციიდან" სადმე გადავიდოდი სამუშაოდ, მაგრამ იმდენად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დავიშალეთ... ჩვენი ურთიერთობა ბოლომდე მეგობრული და კოლეგიალური იქნება... ორი თვეა, რაც „იბერია" ეთერში გავიდა, გადახედეთ სხვა არხებს, ამდენი თემა, რაც „პრიორიტეტში" მოხვდა, ამდენი სკანდალური განცხადება, ამდენი ექსკლუზივი, პატარა ტელევიზიისთვის ძალიან რთულია. ადვილია დიდ, ცენტრალურ არხზე. ბევრმა არც იცოდა „იბერია" რომ ეთერში იყო, ისე ეუბნებოდნენ მათ პროდიუსერებს იმ დღის წამყვანი რესპონდენტები, დღეს ვერ ჩაგერთვები „პრიორიტეტში" მივდივარო. მომხდარა ისეც, რომ ჩვენს გადაცემაში გასული კომენტარი სხვა ტელევიზიას გამოუყენებია, მათ შორის ფედერალურ ტელევიზიებს. ეს სტიმულია ჩვენთვის. არც ერთ ტელევიზიას არ უხარია შენი კომენტარის ეთერში გაშვება, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. ე.ი. კარგად ვიმუშავეთ.
- სახალისო ან გამოუვალ შემთხვევებზეც მიამბეთ, პირდაპირი ეთერი ამის გარეშე წარმოუდგენელია...
სოფო: - ასეთი შემთხვევები ბევრია, გუგული მაღრაძის მარგალიტებს დღემდე აზიარებენ სოციალურ ქსელში, საოცარი რესპონდენტია სოსო ჯაჭვლიანი, გოგი თოფაძე, რომელმაც „ყური" მოიხსა და ეთერიდან გაგვექცა. გახსოვთ, ალბათ, ქათმის ბარკლებთან დაკავშირებული მისი განცხადება, რომ არ უნდა შემოიტანონ საქართველოში, რადგან იმპოტენციას იწვევს. ეს კითხვა მისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, ადგა და მაკა რაზმაძეს პირდაპირი ეთერიდან გაექცა... გაგვექცა კომპოზიტორი კახა ცაბაძეც...
- რესპონდენტების შემორიგების თქვენეული მეთოდიც გექნებათ...
- არ ვიცი, როგორ გითხრათ, ალბათ, გრძნობენ საჭიროებას, გვიმართლებს და მოდიან ისევ.
ვახო: - მეც და სოფოც ნიუსის პროდიუსერებიც ვიყავით, მერე კვირის გადაცემაზეც ვმუშაობდით. ყოველდღიურ რეჟიმში ასეთი გადაცემის მომზადება არ არის მარტივი. ამდენად, ეს ჩემი გამოცდაც იყო. კვირის გადაცემა გაცილებით იოლი მოსამზადებელია. კვირაში ერთი ტოპთემა აუცილებლად ამოვარდება, ყოველდღიურად რთულია... საარჩევნო კოდექსი შეიძლება აინტერესებდეს პარტიებს, მაგრამ ბებიაჩემს სოფელში არ აინტერესებს საარჩევნო კოდექსი მაჟორიტარული იქნება, ხუთი რაიონი გაერთიანდება თუ ერთი.
გიორგი გასვიანი:
- გიორგი, ჩვენ თეატრიდან გიცნობთ, როგორია გადასვლა სცენიდან პირდაპირ ეთერში?
- სოფომ, მაკამ და ხუზმიკამ მოახერხეს და ერთ დღეში მომწამლეს ტელევიზიით. ყველაფერი მასწავლეს მათ და თან ძალიან სწრაფად. ჩემი პროფესიაც დამეხმარა გარკვეულწილად. მსახიობობას ბოლომდე ვერ ველევი, იმდენად მიყვარს, მაგრამ სცენის მტვერზე არანაკლები მოწამვლა სცოდნია ტელევიზიის მტვერს (იღიმება).
ვახო: - გიორგი ერთხელ „რეაქციაში" გვყავდა მოწვეული. მაშინ ყველამ ერთად აღვნიშნეთ, რომ კარგი მოსაუბრე იყო. აქ რომ დავიწყეთ მუშაობა, აქაც ერთ-ერთ გადაცემაში ჰყავდათ მოწვეული, კარში შევხვდით ერთმანეთს, უკვე ახალ სახეებს ვეძებდით. ვკითხეთ, არ გინდა ტელევიზიაში მუშაობაო. როგორ არა, დილის გადაცემაზე ან გახმოვანებაზეო, გვიპასუხა. მაშინ ვთხოვეთ, ჩვენთან წამოსულიყო. თავიდან ჩართვებზე ვამუშავეთ და მერე „შევაგდეთ" ეთერში.
გიორგი: - პირველი პირდაპირი ეთერი ძალიან დიდი ღელვა იყო, საკმაოდ ცხელი ეთერი მქონდა, პრეზიდენტის გამოსახლებას დაემთხვა, მაგრამ ამ ადამიანების წყალობით ყველაფერი გამოვიდა. ესენი მართლა პროფესიონალები არიან, მათ შეუძლიათ სასწაულების მოხდენა, შეუძლიათ ქუჩიდან მოიყვანონ ადამიანი ტელევიზიაში და გახადონ პროფესიონალი ტელეწამყვანი.
ვახო: - და ზოგიერთს შეუძლია პროფესიონალი „ტევიზიონშიკი" ქუჩაში გაუშვას.
სოფო: - საშინელი პროტესტი მაქვს იმ ამბების მერე, თუ დამიჯერებთ, „იმედის" არც ერთი გადაცემა არ მინახავს. უბრალოდ, ვალდებულება მაქვს გავიგო ვინ ჰყავთ სტუმარი. სხვა მხრივ, საერთოდ არ მაინტერესებს რას აკეთებს არხი, რომელმაც ჩვენ ქუჩაში გამოგვიშვა. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი და კარგი კოლეგა დავტოვე იქ. რომელთაც დღემდე დიდ პატივს ვცემ.
- შენ და ვახო ხომ არ გამოგიშვათ „იმედმა"?
- სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა შემოგვთავაზეს, მაგრამ ეს წაროუდგენელი იყო, არხზე დახურეს ყველაზე რეიტინგული გადაცემა, ამ დროს ჟურნალისტს პროტესტის განცდა უნდა ჰქონდეს.
ვახო: - ბუნებრივია, სოსისებზე ვერ ვიმუშავებდი. 15 წელია ტელევიზიაში ვმუშაობ და ჩემი ნებით, განცხადებით მხოლოდ „მოამბიდან" წამოვედი. დანარჩენ შემთხვევაში ან გვხურავენ, ან სპეცრაზმი შემოდის, ან უბრალოდ, მიშვებენ.
- ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვოთ, გელოდებით ყოველდღე 8-ზე საინტერესო თემებითა და სტუმრებით.
- დიდი მადლობა.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი"