logo_geo
eng_logo
გამსახურდიას ქუჩაზე გაუქმებულ საბავშვო ბაღში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
- +

8 დეკემბერი. 2016. 13:30




საბურთალოს რაიონში, გამსახურდიას გამზირის N23-ში მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს სარეკონსტრუქციო-გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.


ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ხორციელდება შენობის ავარიული ნაწილის გამაგრება, ასევე, მთლიანი ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 1 318 000 ლარს შეადგენს.


საბავშვო ბაღის რეკონტრუქცია-რემონტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მოეწყობა შენობის შიდა სივრცე და ეზო. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.


საბავშვო ბაღში ცხრა ჯგუფი გაიხსნება, საიდანაც ორი ბაგის ასაკის აღსაზრდელებით დაკომპლექტდება.


საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, აღნიშნული ბაღის აღდგენით კი, 350-მდე ბავშვი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.


გამსახურდიას 23-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო" მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.


თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყდა, რომ შპს „ელზუროს" გამსახურდიას გამზირის N23-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner