ავტორი შორენა ღვაჩლიანი
„კახა კახიშვილი უფრო მაღალ თანამდებობასაც იმსახურებს, ვიდრე სასჯელაღსრულების სამინისტროა", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, „რეპორტიორის" პრესკლუბში პენიტენციარული სისტემის მისამართით წაყენებულ ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა. მჟავანაძის თქმით, ეს სისტემა ყველაზე წარმატებულია ქვეყანაში, თავად კახიშვილი კი - მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მინისტრი.
„აშშ-ის ადმინისტრაცია, ევროსაბჭო, ევროკავშირი და მეგობარი ქვეყნების ელჩები თვლიან, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული სასჯელაღსრულების სისტემაა. დღეს კი ამ სისტემაზე დიდი შეტევები ხორციელდება, რომ თითქოს მრჩეველთა შტატი გაბერილია. როგორც ჩანს, მინისტრის საქართველოში არყოფნაც გაითვალისწინეს და ამას დაამთხვიეს.
პენიტენციარული სისტემა საკმაოდ მგრძნობიარე სისტემაა, რომელზეც ასეთმა თავდასხმებმა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიღოს. საბოლოო ჯამში კი, უწყების ჩამოშლაც გამოიწვიოს. ალბათ, ვიღაცას ეს სურს.
კახიშვილზე როდესაც საუბრობენ, სინდისი და ნამუსი იქონიონ. ეს კაცი უფრო მაღალ თანამდებობასაც იმსახურებს, ვიდრე სასჯელაღსრულების სამინისტროა", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.