ავტორი მარიამ პაიჭაძე
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრ - „ტექნოპარკში", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის" გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, თბილისის მერია მაქსიმალურად დაუჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს და აღნიშნა, რომ მათთვის დიდი პატივია მსგავს ფორუმში მონაწილეობის მიღება.
„ფორუმი „Creative Georgia" ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ჩვენთვის, თბილისის მერიისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვართ ამ ღონისძიების მხარდამჭერი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ თბილისს, ისევე, როგორც მთელს საქართველოს, აქვს ძალიან დიდი პოტენციალი კრეატიული ინდუსტრიების განვითარების კუთხით, რადგანაც საქართველოში ამის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს. საჭიროა საერთაშორისო გამოცდილება, საჭიროა სხვა კუთხით დავინახოთ ეს პოტენციალი, რომ მისი კომერციალიზაცია და აქედან გარკვეული შემოსავლების გენერირება მოხდეს. ვფიქრობ, ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, საინტერესო იდეების წარმოქმნას და შემდგომი სტრატეგიის ჩამოყალიბებას, თუ როგორ შეიძლება, რომ ეს იდეები იქნას ცხოვრებაში განხორციელებული. ვფიქრობთ, რომ თბილისის მერია, სხვა სამინისტროებთან ერთად განახორციელებს ძალიან ბევრ პროექტს, რომელიც ჯამში იმ სტრატეგიის ნაწილი იქნება, რასაც ჩვენი ქვეყანა მიყვება და ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც საჭიროა გამოფენების მოწყობისთვის, კონსულტანტების მოწვევისთვის, სხვადასხვა ტიპის ვორქშოპებისთვის თუ კერძო და ინდუსტიაში მოქმედი ადამიანების დაკავშირებისთვის, ჩვენ ყველა ამ ღონისძიებას მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.