logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: ჩვენმა მოქალაქეებმა სწორად უნდა იცოდნენ, რა პირობებით ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება
- +

8 დეკემბერი. 2016. 23:05



ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი იყო  ერთადერთი ბარიერი, რომელიც გვაშორებდა უვიზო მიმოსვლის მიღების შესაძლებლობას.


მისივე თქმით, ისმოდა მოსაზარებები, თითქოს შეჩერების მექანიზმი უკავშირდება საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციას, თუმცა შეჩერების მექანიზმი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვა ან რაღაც დამატებითი ბარიერი, ეს არის პროცესი, რომლითაც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტი თანხმდება შემდეგზე - ვიზალიბერლაზაცია შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის მქონე რომელიმე ქვეყანის მხრიდან გარკვეული წინაპირობები გაჩნდა, ეს წინაპირობები კი, სწორედ შეჩერების მექანიზმშია გაწერილი.


„ამ პროცესის წინსვლა გულისხმობს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ დიდი ხნის წინ შეპირებული და სრულიად დამსახურებული უფლება, უვიზოდ გადაადგილდნენ ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი,  რამდენადაც ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობას ვაღრმავებთ ყველა დონეზე, ეს არის სწორედ კიდევ ერთი შესაძლებლობა, უფრო მჭიდრო კონტაქტი დამყარდეს ჩვენსა და ევროკავშირს შორის.

 

ვიზალიბერალიზაციისთვის დადგენილი ყველა წინაპირობა, ყველა ღონისძიება გაწერილია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში. ეს გეგმა საქართველოს გადმოეცა 2013 წლის თებერვალში. უკვე 2015 წლის დეკემბერში კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. მაგრამ, ამას  დაემთხვა გარკვეული პროცესები. ვიცით, რა პროცესები მიდის ახლო აღმოსავლეთში, ვიცით, როგორი მიგრაციული კრიზისი განვითარდა და რამდენად შეეხო ეს ევროპას. ევროკავშირის სახელმწიფოები მართლაც არიან გარკვეულწილად ძალიან ფრთხილ დამოკიდებულებაში მიგრაციული პოლიტიკის საკითხებასდმი. ეს საკითხები არა მხოლოდ ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და იმიჯს, არამედ ამ ქვეყნებს შიგნით აქვთ ეროვნულ არჩევნებსაც უკავშირდება. მაგალითად, 2017 წლის აპრილში საფრანგეთში არის არჩევნები, შემოდგომაზე  - გერმანიაში.  ამ ქვეყნებში ზოგიერთი პარტია ძალიან აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს მიგრაციის პოლიტიკის მიმართ, ძალიან აქტიურად ცდილობენ მოსახლეობის მობილიზებას, რომ ქვეყნებმა გამოიჩინონ მკაცრი და ხისტი პოლიტიკა მიგრაციული პროცესებისადმი. აქედან გამომდინარეობს სწორედ გარკვეული სიფრთხილე, რასაც ჩვენ ვხედავდით. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში  შეჩერების მექანიზმის ამოქმედება",-აღნიშნა ხულორდავამ.  


ამასთან, ხულორდავას განმარტებით, უვიზო მიმოსვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ისარგებლებს, ვისაც აქვს ბიომეტრული პასპორტი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს ევროკავშირში ცხოვრების და მუშაობის უფლებას.


მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ, რათა შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს, არის ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სწორად და ზუსტად იცოდნენ, რა ვადით, რა პირობებით აქვთ გადაადგილების უფლება.


„ეს არის მოკლევადიანი ვიზები. საუბარია 90-დღიან ვიზაზე, 180 დღის განმავლობაში. ეს არის შეღავათი, რომელსაც გვაძლევს ჩვენ ევროკავშირი. სხვა ტიპის გადაადგილებისთვის სხვა ტიპის პროცედურებია დადგენილი. გამარტივება ეხება სწორედ ამას, დროებით მოკლევადიან მგზავრობას.

 

თუ ძალიან გახშირდა დარღვევები, თუ ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ, თუ ეს გარკვეულ მასას შექმნის, ეს იქნება საფუძველი სწორედ ამ სიკეთის შეჩერებისთვის. ამიტომ ჩვენმა მოქალაქეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ,  ასე ვთქვათ, სიმწრით მოპოვებული შეღავათი, რას გულისხმობს. თავისუფალ მიმოსვლას ევროპასთან არ უნდა დავკარგოთ და მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით გამოვიყენოთ",-განაცხადა ხულორდავამ.


რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც უკვე იმყოფება ევროკავშირის ქვეყნებში,  როგორც ხულორდავამ განმარტა, საქართველოს რეადმისის ხელშეკრულება უკვე დიდი ხანია, გაფორმებული აქვს  ევროკავშირთან.


„რეადმისის ხელშეკრულება სწორედ იმას გულისხმობს, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვისი დაბრუნებაც ხდება სამშობლოში, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გარკვეული სერვისები განახორციელოს, მათ რეინტეგრაციას ხელი შეუწყოს. ეს ვალდებულებები ჩვენ უკვე გვაქვს და ამას ჩვენი ქვეყანა ასრულებს. ანუ ამ მხრივ არაფერი იცვლება იმ ხალხისთვის, ვინც უკვე იქ არის, რადგან ეს ხელშეკრულება უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებს",-აღნიშნა ხულორდავამ გადაცემა 2030-ში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner