logo_geo
eng_logo
უსაფრთხოების წესები და ჯარიმები, რომლებიც მთის კურორტებზე ახალი სეზონიდან ამოქმედდება
- +

9 დეკემბერი. 2016. 01:56



4 კურორტზე - გუდაურში, სვანეთში, გოდერძსა და ბაკურიანში დამსვენებლებს განახლებულ ინფრასტრუქუტურასთან ერთად უსაფრთხოების განახლებული წესები დახვდებათ.


მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აპრილში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შევიდა, ზამთრის კურორტებზე დამსვენებლებს სხვადასხვა წესის დაცვა მოუწევთ, მათ უსაფრთხოებაზე კი მოთხილამურე პატრული იზრუნებს.


როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ საქართველოს 4 სამთო კურორტზე წესრიგს 16-ის ნაცვლად 75 მოთხილამურე პატრული დაიცავს. მათ უფლებამოსილებაში შედის როგორც სიტყვიერი გაფრთხილება და ფულადი ჯარიმის გამოწერა, ასევე ალკო ტესტის ჩაბარების მოთხოვნა და თოვლმავლის/მოტოციგის ჩამორთმევა.


დამსვენებელი ვალდებულია დაიცვას კანონით დადგენილი წესები, მათ შორის თოვლმავლით ან მოტოციგით არ შევიდეს სათხილამურო ტრასაზე, ნასვამ მდგომარეობაში არ ისრიალოს და არ მართოს თოვლმავალი საშუალება, ასევე სასრიალო ფერდობზე/ტრასაზე აკრძალულია ისეთი ქმედება, როდესაც მოსარგებლე აშკარად საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.


კანონმდებლობის თანახმად პირი, რომელიც თოვლმავლით ან მოტოციგით სათხილამურო ტრასაზე გადავა, გაფრთხილებას მიიღებს ან 100 ლარით დაჯარიმდება, წლის განმავლობაში ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარს შეადგენს.


თუ მძღოლი ან სასრიალო ტრასით მოსარგებლე პირი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, იგი ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად შემოწმება გაიაროს. კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდების შემთხვევაში პირი 100 ლარით დაჯარიმდება, წლის განმავლობაში ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარია. კანონმებლობის მიხედვით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.

რაც შეეხება სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ ტრასით სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, ამ შემთხვევაში პირი მოთხილამურე პატრულისგან წერილობით გაფრთხილებას მიიღებს, ქმედების განმეორების შემთხვევაში კი 20 ლარით დაჯარიმდება.


მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, წელს, გუდაურის, ბაკურიანისა და გოდერძის საბაგიროების გახსნა 10 დეკემბერსაა დაგეგმილი. საკურორტო სეზონი შარშან 12 მაისს დაიხურა. კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, შესაბამისი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში საკურორტო სეზონი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner