logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- +

23 მარტი. 2016. 10:48


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,   გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ლაშხირიძე და იაგო კახაბრიშვილი, სისტემატურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ მილსადენში გამავალ ნედლ ნავთობს. ბრალდებულებმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობებით, მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი, შემდგომში დააზიანეს „ბრიტიშ პეტროლიუმის" საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი, დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და სისტემატურად ახორციელებდნენ ცენტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში. მოპარული ნავთობის ტრანსპორტირებისას კი ავტომანქანაში არსებულ რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ფარავდნენ ბოსტნეულით.


გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები მოპარული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ახდენდნენ ქალაქ თბილისში,  თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში, სადაც შემდგომში ახდენდნენ მის გადამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებას.


დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner