logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი ინალკოში ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა
- +

9 დეკემბერი. 2016. 11:12


 



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია და ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა.


ინალკო - აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტი ერთადერთი დიდი უნივერსიტეტია ევროპაში, სადაც ქართული ენის კათედრა მოქმედებს და ქართული ენის სწავლება და სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს.


საქართველოს პრეზიდენტი ინაკლოს სამეცნიერო, საუნივერსიტეტო საბიბლიოთეკო ცენტრს ეწვია და წიგნის ფონდი დაათვალიერა, სადაც უნიკალური  ქართული ხელნაწერები და ქართულ ენაზე დაბეჭდილი ლიტერატურა ინახება და რომლითაც სარგებლობა უნივერსიტეტის 9 000 სტუდენტს შეუძლია.


გიორგი მარგველაშვილმა საბიბლიოთეკო ცენტრს საჩუქრად საქართველოდან წიგნები ჩაუტანა.


საქართველოს პრეზიდენტი ქართული ენის პროფესორებს იმ პრობლემების შესახებ გაესაუბრა, რომელიც ქართული ენის კათედრის წინაშე დგას - მიმდინარე წელს სამეცნიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ორი მასწავლებლიდან ერთი შტატის გაუქმების შესახებ.


ინალკო ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც შეუძლია ანალიტიკური ანგარიშების მომზადება საქართველოს ისტორიისა და  გეოპოლიტიკის შესახებ პოლიტიკური და საქმიანი წრეებისა და ინსტიტუტებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლელი ექსპერტები საქართველოს შესახებ დოკუმენტაციას რუსული ან ამერიკული წყაროებიდან იღებენ.


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქართული ენა და ანბანი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იუნესკომაც აღიარა.


საქართველოში კარგად ესმით ინალკოს მნიშვნელობა, როგორც ქართული ენის პოპულარიზაციის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თვალსაზრისითაც.


საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ენის კათედრის დახმარების მზადყოფნა  გამოთქვა.

შეხვედრას საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner