საინტერესოა, გურამ დონაძე დაკითხულია თუ არა, რა იცის ზურაბ ჟვანიას საქმის დეტალებზე და ყველა ამ პირის გამოსვლას რატომ აკონტროლებს?
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ქრონოლოგიურად თუ გადავხედავთ 2005 წლის თებერვლის დღეებს, ნათლად დავინახავთ, რომ ეს იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და არა - უბედური შემთხვევა. ქვემოთ წარმოგიდგენთ 11 წლის წინანდელ დოკუმენტურ მასალას.
2005 წლის 3 თებერვლის დილას, 8.38 წუთზე, სახელმწიფო კანცელარიიდან საგანგებო განცხადებას აკეთებს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მის გვერდით დგას გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.
„მინდა გითხრათ, რომ - დღეს ღამე მოხდა უდიდესი ტრაგედია, დაღუპულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ზურაბ ჟვანია. მე ახლა შევეცდები, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ამ წუთში გაგვაჩნია. ჩვენი ინფორმაციით - ჩვენ ვიცით, რომ ბატონი ზურაბ ჟვანია დახლოებით ღამის 12 საათზე მივიდა თავის მეგობართან. მისმა დაცვამ, რომელიც ამ დროს გარეთ იმყოფებოდა, დიდი ხნის განმავლობაში, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და არ პასუხობდა კარზე ზარს, დაახლოებით 4-ზე-5-ის ნახევარზე შეამტვრია ფანჯარა და აღმოაჩინა ბინაში ბატონ ზურაბ ჟვანიას და მისი მეგობრის გვამი. ეს არის უბედური შემთხვევა, მე პირადად ვიყავი იმ ადგილას, იქ შეშვებულია... ეხლა ვთქვათ, რომ ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი, იმ ოთახში იმყოფებოდა... დამონტაჟებული იყო ირანული გაზის ქურა. ალბათ, ეს მოხდა უცაბედად,რადგანაც ბატონი ზურაბ ჟვანია ამ დროს იჯდა სავარძელში, მისი მეგობრის გვამი იყო სამზარეულოში. ამ ოთახში იყო გაშლილი მცირე სუფრა, ნარდი. დაცვამ შეატყობინა მომხდარის შესახებ სამთავრობო დაცვის სამსახურის უფროსს, ვიცე-პრემიერს, ბატონ გია ბარამიძეს, მე, საქართველოს პრეზიდენტს, ჩავაყენეთ საქმის კურსში გენერალური პროკურორი, მიმდინარეობს გამოძიება. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გითხრათ. ბატონი ზურაბ ჟვანია და მისი მეგობარი გადაყვანილნი არიან პროზექტურაში და იქ უტარდებათ მათ ექსპერტიზა. აი, ეს არის სრული ინფორმაცია, რაც ამ წუთისთვის შემიძლია მოგახსენოთ. რაულ უსუფოვი იყო მეგობარი, თანამდებობით იგი არის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე. იმ ოთახში სხვა არავინ არ იმყოფებოდა".
ეს არის ვანო მერაბიშვილის პირველი განცხადების სრული ტექსტი, რომელმაც ყოველგვარი გამოძიებისა და ექსპერტიზის გარეშე გამოაცხადა, რომ პრემიერი გაზით გაიგუდა.
შემთხვევის ადგილზე, საბურთალოს ქუჩის 53ა-ში, გაზის სამსახურის თანამშრომლები ექსპერტიზის ჩასატარებლად შედარებით გვიან, მერაბიშვილის განცხადების შემდეგ მივიდნენ. „თბილგაზის" დირექტორი დავით მორჩილაძე მოგვიანებით განცხადებას აკეთებს, პირველი ეჭვები გაზით მოწამვლასთან დაკავშირებით სწორედ მას უჩნდება. მაგრამ ამაზე ქვემოთ.
2005 წლის 3 თებერვალს, დილის 10 საათზე, კანცელარიაში მთავრობის საგანგებო სხდომაზე ვანო მერაბიშვილი ისევ განცხადებას აკეთებს:
„თორმეტი-პირველის ნახევარზე ბატონი ზურაბი მიბრძანდა სტუმრად. დაცვა, რომელიც მას ელოდებოდა, დაცვამ ჩათვალა, რომ სტუმრობა უჩვეულოდ გაგრძელდა, დაიწყო ჯერ ტელეფონზე რეკვა, მერე კარებზე ზარის მიცემა, პასუხის არარსებობის გამო ეჭვი აიღეს რაღაც უბედურებაზე, დაცვამ შეამტვრია ფანჯარა, გისოსები, შევიდა ოთახში, ექსპერტების ჩვენებით, იყო ჩახუთული ჰაერი. ბატონი ზურაბი იჯდა „კრესლოზე" - ალბათ, სწრაფად და შეუმჩნევლად მოხდა ეს უბედურება. დაცვამ ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა ბატონ ზურაბს. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, გარდაცვალება დამდგარი იყო. საქმის კურსში ჩაერთო სამთავრობო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა, გია ბარამიძე, საქართველოს პრეზიდენტი, გამოძახებული იქნა სასწრაფოდ სამთავრობო დაცვის ექიმი და ამავე დროს სხვა სამედიცინო პერსონალი, მოხსენდა ამის შესახებ პროკურორს, მოვიდა ექსპერტიზა, ორივე გადაყვანილია პროზექტურაში. სულ ეს არის, რაც შემიძლია დღეს გითხრათ".
ვანო მერაბიშვილის ორივე განცხადება ხმამაღალი მითითება იყო გამოძიებისათვის, როგორი მსვლელობა უნდა მიეცათ საქმისათვის. წლების განმავლობაში საქმე ზუსტად ამ განცხადებების მიხედვით შეიკრა. მერაბიშვილის ორივე განცხადებაში ძირითადი მითითებაა: „ალბათ, ეს მოხდა უცაბედად, რადგანაც ბატონი ზურაბ ჟვანია ამ დროს იჯდა სავარძელში".
დიახ, „ბატონი ზურაბი იჯდა კრესლოზე" - ალბათ, სწრაფად და შეუმჩნევლად მოხდა ეს უბედურება" - მერაბიშვილის ამ ნათქვამს ჯერ კიდევ ექსპერტიზის დასრულებამდე იმეორებენ გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ჯანაშია, ექსპერტი ლევან ჩაჩუა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი.
მერაბიშვილის განცხადებები წინასწარ მომზადებული ტექსტი იყო, სადაც, მიუხედავად დიდი მცდელობისა, გარკვეული უზუსტობები გაიპარა - მერაბიშვილმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია საბურთალოს ქუჩაზე თავის მეგობართან რაულ უსუპოვთან სტუმრად იმყოფებოდა.
დადასტურებულია, რომ რაულ უსუპოვი ამ მისამართზე ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრმა მიხეილ ძაძამიამ მიიყვანა, რომ ეს ბინა რაულ უსუპოვის კი არა, ძაძამიას მიერ იყო დაქირავებული.
ცნობილი გახდა, რომ ბინაში სუფრა გაშალეს არა ჟვანიამ და უსუპოვმა, არამედ დაცვამ - რაც შემთხვევის ადგილის ფალსიფიკაციაა.
და მერაბიშვილის მთავარი ტყუილი: „გამოძახებული იქნა სასწრაფოდ სამთავრობო დაცვის ექიმი და ამავე დროს სხვა სამედიცინო პერსონალი" - ამ ბინაში პრემიერის დასახმარებლად არც ექიმი მიუყვანიათ, არც სასწრაფო დახმარება, მხოლოდ ექსპერტები - კახა ერისთავი და ზაზა ოქრუაშვილი გამოიძახეს, ხოლო ჟვანიას პირადი ექიმი ზურაბ ფაღავა ბინაში არ შეუშვეს.
მერაბიშვილს რატომღაც არ უხსენებია, რომ დაცვას ზურაბ ჟვანია მიტოვებული ჰყავდა, არც ის უთქვამს, დადგებოდა თუ არა დაცვის უფროსის კობა ხარშილაძისა და დაცვის წევრის მიხეილ ძაძამიას პასუხისმგებლობის საკითხი...
შემთხვევის ადგილზე მივიდა „თბილგაზის" გენერალური დირექტორი დავით მორჩილაძე:
- „დანადგარი არასწორად არის დამონტაჟებული, CO აუცილებლად დაგროვდებოდა, თან ახალი დამონტაჟებულია. სინამდვილეში რა არის მიზეზი, არის თუ არა ეს ფაქტი ამ შემთხვევის ბრალი, ეს ცალკე საკითხია".
ნუგზარ მხეიძე, „თბილგაზის" საავარიო სამსახურის უფროსი:
„ნიკალა დგას ლოჯში, მილი მარტო ლოჯის კედელშია გამოშვერილი, გამათბობელი ახალი დამონტაჟებულია. გაზქურა წესიერ მდგომარეობაშია, ღუმელი წესიერად მუშაობს, კარგი წვა ჰქონდა, სრული, მაგრამ საკვამლე არხი პრაქტიკულად არ არის, 2-3 სანტიმეტრით არის წინ გამოწვეული როდესაც ჩავრთეთ, იცით, სუნი კიდევ რისი იყო? ახალ ცეცხლს რომ დაანთებ და გამოწვა რომ ხდება. ხელსაწყო ახალია".
როგორც ხედავთ, ეჭვები უბედური შემთხვევის მიმართ „თბილგაზის" ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ 2005 წლის 3 თებერვლის დილას გაუჩნდა. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევიდან 4 თვეში, 2005 წლის 2 ივნისს, დავით მორჩილაძე „თბილგაზის" გენერალური დირექტორობიდან გადადგა.
საგანგებო თათბირზე გამოსვლის შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას სახით მეგობარი დაკარგა, სამების ტაძრიდან გაკეთებულ განცხადებაში მან უკვე ნათლად გამოაჩინა საკუთარი პოზიცია და თავი ერთპიროვნულ მმართველად მიიჩნია:
„მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, თავის თავზე ვიღებ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ხელმძღვანელობას, მე ვაძლევ განკარგულებას მთავრობას, რომ დაბრუნდეს ადგილებზე, ვაძლევ განკარგულებას ადგილობრივი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, დაბრუნდეს ადგილზე. იმუშაოს ჩვეულებრივ სამუშაო რიტმში, ვაძლევ განკარგულებას სამართალდამცავი ორგანოების ყველა წარმომადგენელს, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, შეასრულონ მოვალეობა თავის სამშობლოს წინაშე. არ დავუშვათ რაიმე სახის დისციპლინის დარღვევა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, დისციპლინის დამრღვევი აგებს პასუხს დადგენილი წესით. მთლიანად ვაკონტროლებთ სიტუაციას და ასე იქნება მუდმივად. ჩვეულებრივად გრძელდება სახელმწიფოს ფუნქციონირება". აქვე განცხადებას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო: „პრეზიდენტს უფლება აქვს, მთავრობას უხელმძღვანელოს". ასე რომ, მთავრობამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა, კანცელარიაში მივიდა უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი გელა ბეჟუაშვილი და მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია.
თემურ ალასანია: - „არავითარი კომენტარი. ჟვანიას ვიცნობდი ძალიან კარგად, მოვედი, რომ გამოვუცხადო მხარდაჭერა ჩვენს მთავრობას".
მთავრობის საგანგებო სხდომამდე სააკაშვლი შეხვდა პეტრე მამრაძეს, გოგა ხაინდრავას, რომელთაც შემდეგ გია ბარამიძე შეუერთდა. ამ პირებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი კაბინეტში იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კემულარიას. სხდომიდან გამოსული გოგა ხაინდრავა შემდეგ განცხადებას აკეთებს: - „განცდის გარდა არაფერი ყოფილა და არა მგონია, რამე იყოს. უბედური შემთხვევა იყო და ექსპერტიზაც ამბობს, რომ იყო CO-თი მოწამვლა".
იმ რეპორტაჟებში, სადაც საბურთალოს ქუჩის 53ა-ს მობინადრეებს ეკითხებიან - ეს ბინა მეპატრონემ როდის გააქირავაო? - ერთ-ერთი ქალბატონი პასუხობს: „იანვრის თვე იყო, მაგას რემონტი ჰქონდა და ყველაფერი გაკეთებულიაო, გათბობა, ესა, ისა... გავაქირავე 300 დოლარადო. ისიც კი ვუთხარი, ვინ მოგცა 300 დოლარი-მეთქი. პარლამენტარია, მაღლაფერიძემ მოიყვანაო".
ბინის მეპატრონე, სადაც ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრები აღმოაჩინეს: „ორი თვეა, რაც ბინა გაქირავებულია, ვინ დაიქირავა, გვარი არ ვიცი, უსუპოვი იყო თუ არა. „ნიკალა" დამონტაჟებული იყო სამი თვის უკან, გამათბობლით გავაქირავეთ. შეიძლება, ახალი დადგეს, არ ვიცი. „ნიკალა" იყო ძველი".
ზურაბ ჟვანიას სახლთან ვასილ მაღლაფერიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „რაული ტელეფონით დამიკავშირდა, ზურასთან მინდა შეხვედრა, ჯერ შენთან მინდა კონსულტაცია გავიაროო. გუშინწინ ვუთხარი ზურას, რაულს უნდა შენთან შეხვედრა-მეთქი, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო... ეს იყო დიდი კაცი, იმდენად დაუმსახურებლად..."
რატომღაც, ვასილ მაღლაფერიძეს არ აინტერესებდა, რატომ ფიგურირებს მისი სახელი და გვარი ამ ბინის გაქირავების ამბავში, კიკიანის მეზობელმა რატომ დაასახელა პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც ბინის მეპატრონეს ეკა კიკიანს ბინის დამქირავებელი მოუყვანა?
2005 წლის 3 თებერვლის „იმედის" საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკაში" გაისმის შემდეგი ინფორმაცია: „ეს ბინა მეპატრონემ 2 იანვარს რაულ უსუპოვს მიაქირავა. მეზობლებმა ახალი მობინადრის შესახებ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ უსუპოვი სახელმწიფო მოხელე იყო და საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სახლში პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძის დახმარებით მოხვდა. შუაღამეს პრემიერი რაულ უსუპოვთან სტუმრად მივიდა, ამ შეხვედრის შესახებ გაკვრით იცის ვასილ მაღლაფერიძემ. უსუპოვი დეპუტატს პრემიერთან შეხვედრამდე რამდენიმე დღის წინათ ტელეფონით დაუკავშირდა".
რესპუბლიკური საავადმყოფოს მთელ ტერიტორიას, რომლის პროზექტურაშიც გადაასვენეს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამები, საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა, გადაკეტილი იყო ყველა შესასვლელი. უშუალოდ პრეზიდენტის ბრძანებულებით, დროებით, სანამ პროზექტურაში ექსპერტიზა და ვიდეოგადაღება ტარდებოდა, აიკრძალა ჟურნალისტების გადაადგილება ტელეკამერებით.
შუადღისას კამერების წინ გამოდის ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც ჯერ კიდევ ექსპერტიზის დასრულებამდე განცხადებას აკეთებს: „ზურაბ ჟვანიას გვამს დაზიანება არ აღენიშნება, გარდა ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში. პირველადი ვარაუდით, ადგილი უნდა ჰქონდეს CO-თი მოწამვლას".
ლევან ჩაჩუა განცხადებას აკეთებს გურამ დონაძის მეთვალყურეობის ფონზე. ექსპერტიზის დასრულებამდე განცხადებას აკეთებს ექსპერტი-ბიოჰემატოლოგი მარინა ალავიძე: „მოხდა გამოკვლევა კარბოქსიჰემოგლობინზე. პირველადი გამოკვლევით სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი. რაოდენობა ზუსტად ხვალ სამი საათისთვის იქნება დადასტურებული. ეს მიუთითებს, რომ ლეტალური მდომარეობაა კარბოქსიჰემოგლობინისა, ფიზიოლოგიურ პირობებში ეს რაოდენობა 5-10 პროცენტამდე შესაძლებელია არსებობდეს, 10 პროცენტის ზემოთ იწვევს უკვე მდგომარეობის დამძიმებას და ლეტალობა 20 პროცენტის ზემოთ იწვევს უკვე სიკვდილიანობას".
მარინა ალავიძეც ამ განცხადებას აკეთებს გურამ დონაძის მეთვალყურეობის ფონზე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში განცხადებას აკეთებს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ჯანაშია:
„გვამს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, სისხლი გაგზავნილია ექსპერტიზისთვის. დასკვნა იქნება 10-15 დღის შემდეგ. გაზქურის დამონტაჟების დროს დაშვებული იქნა შეცდომები".
ჯანაშია ამ განცხადებას აკეთებს გურამ დონაძის მეთვალყურეობით. ამის მერე ჟურნალისტებს ესაუბრება ექსპერტიზის ცენტრის მაშინდელი ხელმძღვანელი ლევან სამხარაული:
„ბატონ ზურაბ ჟვანიას სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი. განგიმარტავთ, რომ კარბოქსიჰემოგლობინი არის ადამიანის სისხლში არსებული ჰემოგლობინისა და მხუთავი აირის CO-ს ნაერთი. ადამიანის ორგანიზმში 10 პროცენტამდე კარბოქსიჰემოგლობინის არსებობა არ იწვევს სასიკვდილო შედეგს. 10 პროცენტის ზემოთ 20 პროცენტამდე იწვევს ინტოქსიკაციას, ხოლო 20 პროცენტის ზემოთ უკვე დგება სასიკვდილო შედეგი. ზურაბ ჟვანიას სისხლში აღმოჩნდა, დაზუსტებული ინფორმაციით, 40 პროცენტზე მეტი".
ლევან სამხარაული ამ განცხადებას აკეთებს გურამ დონაძის მეთვალყურეობის ფონზე. საინტერესოა, გურამ დონაძე დაკითხულია თუ არა, რა იცის ზურაბ ჟვანიას საქმის დეტალებზე და ყველა ამ პირის გამოსვლას რატომ აკონტროლებს?
ყოველივე ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ხვდებიან ჟურნალისტებს, აცნობენ გარკვეულ დეტალებს, აჩვენებენ მათ იმ ბინის ოთახებს, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, შემდეგ ადეიშვილი უცხადებს მათ, რომ საეჭვოა, საკვებში რაღაც აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ მხუთავი გაზის კვალი აშკარაა.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა,ძირითადი ხაზი, როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის 11 წლის წინანდელ ტექსტს არ სცდება - „ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი, ალბათ, ეს მოხდა უცაბედად, რადგანაც ბატონი ზურაბ ჟვანია ამ დროს იჯდა სავარძელში".
ამ შემთხვევაში, იქნებ მერაბიშვილი სიმართლეს ამბობს და ზურაბ ჟვანია მართლაც სავარძელში იჯდა, როდესაც სიკვდილი ეწვია - ოღონდ ეს იყო მხუთავი გაზი თუ ვინმეს ხელში ათამაშებული ე.წ. „გაზავოი კლუჩი", ვინ იცის...
ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"