logo_geo
eng_logo
დღეს ზურაბ ჟვანია 53 წლის გახდებოდა
- +

9 დეკემბერი. 2016. 13:10


 


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა.

1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები" (1988), ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ ჟვანია.


1992 წელს გახდა ევროპელ „მწვანეთა" პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ - 1995 და 1999 წელს. ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.


აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები". 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ („ვარდების რევოლუცია"), პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.


ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა (ოფიციალური ცნობით: გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



ნიშანდობლივია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები: ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან."


ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე და სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანა.


ზურაბ ჟვანიას სახელის უკვდავსაყოფად 2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში, ტრაგიკულად დაღუპული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი შესრულებულია ბრინჯაოში, მისი ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner