ავტორი შორენა ღვაჩლიანი
ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას აფხაზეთის საკითხით უფრო დაინტერესებისკენ მოუწოდა. გამზარდია დღევანდელი ხელისუფლების მიდგომას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, მიესალმება, თუმცა, თვლის რომ ამან ხელისუფლებაში მეორე უკიდურესობა - პასიურობა გამოიწვია.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ ოკუპაციის პროცესი არ შეჩერებულა და ეს პროცესი მიმდინარეობს. საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთ რეზოლუციაში, უკრაინაში ყირიმის თემა ცალკე საკითხად იყო გამოტანილი, რასაც ვერ ვიტყვით აფხაზეთი-შიდა ქართლი-სამაჩაბლოზე. ოკუპირებული ტერიტორიები არ იყო გამოტანილი ცალკე საკითხად, რაც ძალიან სამწუხაროა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების სიფრთხილისა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ვფიქრობ, რომ მეორე უკიდურესობაში არიან გადავარდნილები. ამით ეს მწვავე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ზედმეტად გაპასიურებულია. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ" მშვიდი და აკადემიური დიპლომატიის ფარგლებში, მაგრამ აქტიური მუშაობით, ეს თემა წინ უნდა წამოსწიოს", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ის მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარების სტრატეგიული ხედვა არცერთი ხელისუფლების დროს არ არსებობდა და მხოლოდ სადღეგრძელოებში ჰპოვებს ასახვას.
„საქართველოს ხელისუფლებებს, პრობლემის მოგვარების კონცეპტუალური და სტრატეგიული ხედვა, დღემდე არ გააჩნიათ. ეს მხოლოდ ლოზუნგებითა და მათ მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოებით შემოიფარგლება, თუმცა „ქართული ოცნების" ფრთხილ პოლიტიკას მივესალმები", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.