გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის ეროვნულ პარკში ბრაკონიერებს გადააწყდნენ სამინისტროს რეინჯერები და დაცული ტერიტორიის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ბრაკონიერები არ დაემორჩილნენ რეინჯერების მოთხოვნას, რის შემდეგაც მოხდა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში, ხოლო ბრაკონიერმა ესროლა რეინჯერს.
„ჰაერში ოთხჯერ განხორციელებული გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, უკვე როდესაც ესროლეს ჩვენს თანამშრომელს, შემდეგ ჩვენმა თანამშრომელმა ესროლა ერთ-ერთ ბრაკონიერს. ის დაიჭრა, ტყვიამ გაიარა რბილ ქსოვილებში. დაზიანება არ არის მძიმე - მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, თუმცა რადგან რბილ ქსოვილებში გაიარა ტყვიამ, ამიტომ ვვარაუდობ, რომ დაზიანება მძიმე არ არის. შემდგომ დაჭრილი ბრაკონიერი და რეინჯერი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
გამოძიება დაწყებულია. პროკურატურა იძიებს საქმეს და იმედი მაქვს, ყველაფერს ლოგიკური დასასრული ექნება", -განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.