logo_geo
eng_logo
Black Sea Arena - ს მიმდებარე ტერიტორიაზე კვების ობიექტები განთავსდება
- +

9 დეკემბერი. 2016. 20:38



ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  დაბა შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena- თან არსებულ „ევკალიპტების პარკსა" და „მუსიკოსთა პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორნისა და კაფეს აშენებისა და მართვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა მოხდება სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს სიმბოლურ ფასს -  100 ლარს. პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - https://drive.google.com/file/d/0B3vgM3lEWoh4bjNpNXpLM3VlMG8/view


„საქართველო დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სფეროში გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო, ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროცესი, საინტერესო სანახაობებთან ერთად, საზოგადოებრივი კვების ობიექტების  ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  დაბა შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena -თან არსებულ ევკალიპტების პარკსა და „მუსიკოსთა პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორნისა და კაფეს აშენებისა და მართვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

 

 Black Sea Arena დაბა შეკვეთილში წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ღია ტიპის საკონცერტო დარბაზს, რომელიც  2016 წლის ივლისში გაიხსნა.

 

დარბაზი გათვლილია 10 000 მაყურებელზე. 2016 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე უკვე წარსდგნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ვანესა მეი, კრისტინა აგილერა, ჯგუფი Scorpions, „ერისიონი" და სხვა. მხოლოდ 30 ივლისიდან 3 სექტემბრამდე, ექვსს ღონისძიებაზე ვიზიტორთა რიცხვმა შეადგინა 45500 ადამიანი. საკონცერტო დარბაზში განთავსებულია 4 კინოთეატრი. საკონცერტო დარბაზს ემსახურება 140 კაციანი პერსონალი, თუმცა ეს რაოდენობა 2-ჯერ იზრდება კონცერტისთვის მომზადების პერიოდში.

 

საკონცერტო დარბაზის მოძრავი გადახურვისა და კედლების გათვალისწინებით, საკონცერტო დარბაზში შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელია, წლის ნებისმიერ მონაკვეთში.

 

საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ განლაგებულია ევკალიპტების ტყე, რომელიც უკვე იქცა „ბლექ სი არენას"  ვიზიტორთა და ურეკსა და ქობულეთში  ტურისტთა  დასვენების საყვარელ ადგილად.

 

2016 წლის ზაფხულში ევკალიპტების ტყეში მოეწყო „მუსიკოსთა პარკი", რომელშიც განლაგებულია მსოფლიო და ქართული კულტურისა და ხელოვნების 36  მოღვაწის ფიგურა. პარკი აღჭურვილია უნიკალური აკუსტიკური ტექნოლოგიებით. ნებისმიერი მუსიკოსის ფიგურასთან მიახლოებისას ავტომატურად ირთვება ამ მუსიკოსის შემოქმედების „ოქროს კომპოზიციები". პარკში ასევე განთავსებულია სხვადასხვა ზომის სამი სცენა, სადაც შეიძლება მოეწყოს კონცერტები და საღამოები, როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე მოყვარულთათვის.

 

ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურა, შეკვეთილში მდებარე „ციცინათელას" გასართობ პარკთან ერთად ქმნის ერთიან უნიკალურ ტურისტულ კომპლექსს და სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს",-ნათქვამია ინფორმაციაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner