ქურთების სამხედო ფორმირებებისა და სირიის შეიარაღებული ოპოზიციის დასახმარებლად, სირიაში ორასამდე ამერიკელი სამხედრო გაგზავნეს. სამხედროების მიზანს „ისლამური სახელმწიფოს" მიერ აღებული ქალაქი რაკას გათავისუფლება წარმოადგენს.
სამხედროების სირიაში გაგზავნის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი ადასტურებს.
ეშტონ კარტერის თქმით, სირიაში დამატებითი ძალების გაგზავნას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა დადებითად აფასებს.
სირიაში ამ დროისთვის 300-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა გაგზავნილი.
8 დეკემბერს, რუსეთმა სირიაში „ხმეიმის" სამხედრო ბაზის დასაცავად ჩეჩნეთში დისლოცირებული სპეციალური დანიშნულების სამხედრო ბატალიონების „აღმოსავლეთი" და „დასავლეთი" მებრძოლები გადაისროლა.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.