logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ქადაგიძის გამოსვლა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო!
- +

18 თებერვალი. 2016. 11:16



საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ზოგიერთი სამინისტროს გაუქმების ინიციატივით გამოდის. მისი მტკიცებით, ასეთი ოპტიმიზაცია საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად გააჯანსაღებს.


ქადაგიძის  ინიციატივასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ესაუბრა. მისი თქმით, სამინისტროების გაუქმებას შეიძლება გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ არა ისეთი, როგორც გიორგი ქადაგიძემ წარმოაჩინა, თითქოს ამის შემდეგ ასობით მილიონი  დაიზოგება.



„სამინისტროების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ის თანხა, რაც მათში იხარჯებოდა, აღარ დაიხარჯება. მაგალითად, სასჯელაღსრულება, რომელზეც იყო საუბარი. არ არის გამორიცხული, ის შევიდეს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ სამინისტროს გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ციხეს  დაცვა ან მომსახურე პერსონალი არ ეყოლება. რა თქმა უნდა,  იგივე ფუნქციები განხორციელდება, თუმცა, შეიძლება ხელმძღვანელობაში რამდენიმე ერთეულით ნაკლები იყოს, მაგრამ ეს მილიონობით ლარის ეკონომიასთან კავშირში ნამდვილად არ არის.

 

ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უამრავი ვალდებულება გვაქვს აღებული, რომელსაც განხორციელება უნდა. ამ ვალდებულებების განხორციელებისთვის უნდა არსებობდეს გარკვეული სამუშაო რგოლი, ეს იქნება სახელმწიფო მინისტრი, მინისტრი, დეპარტამენტის უფროსი თუ სხვა, საჭიროა ამ ხალხის ყოფნა.

 

შეიძლება, გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს რამდენიმე სამინისტროს გაუქმებას, მაგრამ არა ისეთი, როგორც გიორგი ქადაგიძემ წარმოაჩინა, თითქოს ამის შემდეგ ასობით მილიონი  დაიზოგება.

 

ქადაგიძის ასეთი მკვეთრი განცხადებები არის წმინდა პოპულისტური. თუ ამ სამინისტროების გაუქმება ასე საჭირო იყო, შეეძლოთ,  წინა ხელისუფლების დროს განეხორციელებინათ და არა ახლა, ჩვენი მმართველობის დროს გამოეთქვათ მსგავსი მოსაზრებები.

 

არ არის გამორიცხული, ქადაგიძე გარკვეული პოლიტიკური მიზნებით აკეთებდეს მსგავს განცხადებებს, შესაძლოა, პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმას აპირებს. მისი გუშინდელი გამოსვლა უფრო პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, ვიდრე რაიმე სარგებლობის მომტანი ქვეყნისთვის", - განაცხადა მეჭიაურმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner