საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
კულტურის სამინისტროს დელეგაციისა და ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 9 დეკემბერს ქალაქ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, პირველად, საქართველოს საგუნდო კაპელამ შოთა რუსთაველის ფრესკასთან იგალობა.
ღონისძიებას, ქართულ დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებელი საპატრიარქოს მიტროპოლიტი ისიხიოსი ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დაწყებამდე, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ, ქალაქ იერუსალიმში შოთა რუსთაველის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ქართული დელეგაცია, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.