საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გუშინ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა.
„რთულია ამაზე ისაუბრო. ჩვენ ყველანი შოკირებულები ვართ იმის გამო, რაც ბრიუსელში მოხდა. ნება მომეცით, დავამატო, რომ ის ადგილები, სადაც აფეთქებები მოხდა, ძალიან ნაცნობია ჩვენთვის. იმ მეტროსადგურს, სადაც აფეთქება მოხდა, მეც აქტიურად ვიყენებდი წლების განმავლობაში. ეს თავდასხმა მოხდა ბელგიაში, ბრიუსელში. თუმცა, ამავე დროს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის მოხდა ევროპის გულში გეოგრაფიულად. მეორე მხრივ, ეს მოხდა იმიტომ, რომ იგი მიმართული იყო ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ევროკავშირში მივყვებით.
ჩვენ მადლობელი ვართ იმ განცხადებების გამო, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა - პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პარტიამ გააკეთა. ჩვენ მადლობელი ვართ ყველა მათი სიტყვის გამო. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ იმ სიმპათიის გამო, რაც ქართველებმა, ქართველმა საზოგადოებამ გამოხატა", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.