10 დეკემბერს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს დაწყებულ პლანეტის პირველობაზე, რომელიც არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში ტარდება, ევროპის თამაშების ქართველი ვიცე-ჩემპიონი ოქროს მედლისთვის ამერიკელ ლოგან სტიებერს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ლომთაძემ ტურნირზე სასტარტო შეხვედრაში წმინდად მოუგო ყირგიზ ადილეტ მამატაევს, შემდეგ კი მოლდoველ ანდრეი პერპელიტას 5-2 სძლია. 1/4 ფინალში ბექამ ქულების აშკარა უპირატესობით, 12-2, საფრანგეთის წარმომადგენელ იური სიემაკინს აჯობა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი უშეღავათო ბრძოლაში 12-11 დაამარცხა.
დღეს ტურნირზე ასევე იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მინდია წულუკიძემაც (71), თუმცა 1/8-ფინალში აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან დამარცხდა - 1-3.
ოლიმპიურ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატები არ ტარდება, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა კი თითოეულ სტილში მხოლოდ ექვსი წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. დარჩენილი ორი არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისათვის კი UWW-მ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.
11 დეკემბერს ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრებიდან, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ტლაშაძე (70) იასპარეზებს, ბერძნულ-რომაულში კი - ნიკოლო კელასოვი (80) გამოვა.