logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ტერორიზმის მიმართ მსოფლიო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს
- +

23 მარტი. 2016. 12:46


ბელგიაში მომხდარ ტერაქტებზე არაერთმა პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება. მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნა ცალსახად გმობს ამ ფაქტს, თუმცა, ტერაქტების საფრთხე დღითი დღე იზრდება. ამ თემას ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსებიც, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც აცხადებს, რომ ტერორიზმის მიმართ მსოფლიო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და გახდეს უფრო ხისტი და ეფექტური.

 

„უკვე მერამდენედ გვიწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისადმი სამძიმრის გამოცხადება. ბრიუსელში ტერაქტის მოწყობა ღია მესიჯია მსოფლიო და განსაკუთრებით, ევროპული პოლიტიკის მიმართ. დღეს ყველა დავრწმუნდით, რომ ტერორიზმს არ აქვს არა მხოლოდ საზღვრები, არამედ განუსაზღვრელია მისი მასშტაბებიც. ფაქტია, რაც უფრო მკაცრდება უსაფრთხოების ზომები, მით უფრო იზრდება მისი არეალი. დღეს საზოგადოება სვამს კითხვას  პოლიტიკოსების მიმართ, გადაიხედება თუ არა ტერორიზმის წინააღმდეგ სტრატეგია და როდის შეიძლება შეწყდეს ეს საშინელი ქმედებები.

 

მსოფლიოს ყველა სახელმწიფო, მიუხედავად ურთიერთდამოკიდებულებისა, თანხმდება და თანამშრომლობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ  სასურველი შედეგი ჯერ არ გვაქვს. ჩვენ ვებრძვით ფაქტებს და უშუალო დაჯგუფებებს, მაგრამ ვფიქრობ, მეტად საყურადღებოა, ვიპოვოთ ტერორიზმის წარმოშობის მიზეზები და პირველ რიგში სწორედ ამ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ. თუ მიზეზი სწორად არ გავაანალიზეთ, შედეგის მიღწევა რთული იქნება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მსოფლიო პოლიტიკა ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა შეიცვალოს და გახდეს უფრო ხისტი და ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ჩვენს წინაშე მდგარი  საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner