ავტორი შორენა ღვაჩლიანი
ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესში ყველაზე მთავარი პოლიტიკურ ელიტებს შორის პრინციპებისთვის ბრძოლაა, რამაც ვიზა-ლიბერალიზაციის გაჭიანურება გამოიწვია.
„ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი ფინიშამდე მივა, მაგრამ მთავარია, ფინიში როგორი იქნება. მინდა, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ის, რაც ევროკავშირში ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდება, არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. აქ პოლიტიკურ ელიტებს შორის ბრძოლა პრინციპების გამო მიმდინარეობს.
მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ისინი ქართველებისა და უკრაინელებისთვის კი არ ამოქმედებენ უვიზო მიმოსვლას, არამედ თავიანთი პრინციპების გამო აკეთებენ ამას. სწორედ ამ ბრძოლას ეწირება ვადები, თუ როდის მიიღებს ეს ორი ქვეყანა აღნიშნულ რეგულაციას.
ვფიქრობ, ახალი წლისთვის ეს ამბავი დამთავრდება, რადგან ევროპა კარგად ხედავს, როგორ ეცლება ხელიდან მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთი ნაწილი. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ხელიდან გამოცლილთა რიცხვს კიდევ ორი ქვეყანა - საქართველო და უკრაინაც შეემატება. ეს კი ევროპას არ აწყობს", - აღნიშნა არეშიძემ.