საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნესინკუბატორი დაათვალიერა.
ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკი 2006 წელს შეიქმნა და დღემდე, 25 ათასზე მეტი კომპანია ჰყავს დარეგისტრირებული. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი ტექნოლოგიების პარკში განუცხადეს, 2006 წლიდან დღემდე, 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, ხოლო ექსპორტი, 2006 წლიდან დღემდე 32-ჯერ გაიზარდა და 705,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მაღალი ტექნოლოგიების პარკის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, პარკის დამკვეთთა შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის - Microsoft, Google, Facebook და სხვები.
მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიზანია, დაეხმაროს იდეების მქონე ახალგაზრდებს და ასწავლოს მათ, როგორ მიაღწიონ წარმატებას.
ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად ითანამშრომლებენ.