logo_geo
eng_logo
ლონდონის სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი დაუშვებლად ცნო
- +

12 დეკემბერი. 2016. 15:31



ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სარჩელი და პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება გააუქმა.


ამის შესახებ ჩხარტიშვილის უფლებების დამცველმა იმედა დვალიძემ „პირველის პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ვანო ჩხარტიშვილმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დავა წარმატებით დაასრულა ჯერ კიდევ 2013 წელს. სასამართლო დავები საქართველოს სასამართლოებშიც მიმდინარეობდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით პატარკაციშვილების პრეტენზიები არ დაკმაყოფილდა. ჩვენ ყოვლეთვის ვცდილობდით, რომ ისეთი განცხადება არ გაგვეკეთებინა, რაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჩრდილს მიაყენებდა, თუმცა პატარკაციშვილების ოჯახისგან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სანაცვლოდ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს ვიღებდით", - განაცხადა ადვოკატმა იმედა დვალიძემ.


ადვოკატმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ ლონდონის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პიტერ სმიტს, რომელიც ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საქმეს იხილავდა, არაეთიკური საქმიანობის გამო უფლებამოსილება შეუჩერდა.


ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ვანო ჩხარტიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, რადგან მისივე თქმით „ბიზნესმენი ოთხი წლის განმავლობაში უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისმწამებლური განცხადებების ადრესატი იყო".


ჩხარტიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ლონდონის სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვა 9 დეკემბერს დასრულდა, თუმცა  მოსარჩელე მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრება მესამე ინსტანციაში - უზენაეს სასამართლოში შეუძლია.

 

„ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, უზენაესი ინსტანცია განიხილავს მხოლოდ იმ კატეგორიის საჩივრებს, თუ ეს საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს ან გარკვეული სამართლებრივი პრეცედენტი არ გააჩნდა. სწორედ ამიტომ ვაფასებთ ამ დავას დასრულებულად ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ", - აღნიშნა ადვოკატმა.


2012 წლის დეკემბერში პატარკაციშვილის ოჯახმა მთავარ პროკურატურას მიმართა და მოითხოვა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ერთ თვეში თბილისის პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც 9 ეპიზოდზე გამოძიება შეწყდა. პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავდა და სამოქალაქო დავის საგანი იყო. პატარკაციშვილის ოჯახმა დავა ლონდონის სასამართლოში განაგრძო.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს, ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ორმა კომპანიამ-"ბლუ ტროპიკმა'' და "კოპელამ'' ინგლისის სასამართლოში სარჩელი აღძრა. სარჩელი ეხებოდა საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში არსებულ წილებს. დოკუმენტების მიხედვით, "ბლუ ტროპიკსა'' და "კოპელაში'' წილებს ფლობს დისკრეციული სატრასტო კომპანია "ნაილ ტრასტი'', რომლის პირდაპირ მითითებული ბენეფიციარი მფლობელი იყო ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი. ამ სარჩელზე მოპასუხე მხარეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენდა, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილთან საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner