logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: უნდა ვიცოდეთ, პრეზიდენტი ავირჩიეთ თუ პოლიტიკური ორგანო...
- +

12 დეკემბერი. 2016. 23:11



თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოვიდა და საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა - რატომ?! მისი თქმით, თუ საქმე პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან გვაქვს, ადმინისტრაცია უნდა აცხადებდეს, რომ  ეს ბატონმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა და არა მათ გადაწყვიტეს.


„შეცდომაა იმაზე აპელირება, რომ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას კონსტიტუციაში ვიწროპოლიტიკურად სასარგებლო ცვლილებების განსახორციელებლად გამოიყენებს. შეცდომაა, თუ ამაზე ვინმე აპელირებს და უკვე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს ასე მოხდეს. მითუმეტეს, თუ ამ ვარაუდს პრეზიდენტი გამოთქვამს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ოპოზიციური ნიშა აქვს.

 

დააკვირდით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა ცნობილი თანამშრომელი, ვინც ტელეეკრანებიდან გვესაუბრება,  სიტყვა ჩვენ-ს ხმარობს - ჩვენ მიგვაჩნია, ჩვენ გადავწყვიტეთ. ვერ გავიგე, ეს ჩვენ ვინ არის?! მე ვიცი, ვინ არის გიორგი მარგველაშვილი. ის საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლოა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. თუ ჩვენ არა პრეზიდენტი, არამედ  პოლიტიკური ორგანო ავირჩიეთ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციადაა ჩამოყალიბებული, ეს უნდა ვიცოდეთ. ეს ადამიანები ჩვეულებრივი, დაქირავებული ჩინოვნიკები არიან ისევე, როგორც ჩემი კომიტეტის აპარატი. ამიტომ, ამ ტერმინოლოგიით ლაპარაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ახდენს. მე პრეზიდენტის აზრი მაინტერესებს და არა ის, ადმინისტრაციის რიგითი ჩინოვნიკი რას ფიქრობს", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.


როგორც მან აღნიშნა, კომისიაში ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა" მიდის, რათა წინააღმდეგობა გაწიონ. მეორე მხრივ კი, პრეზიდენტი ამბობს, რომ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს მაშინ, როცა მისი ინტერესი უნდა იყოს, ქვეყანას მაქსიმალურად კარგი კონსტიტუცია ჰქონდეს, რადგან კონსტიტუციის გარანტია თავად არის.


„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, აბესაძემ გააკეთა განცხადება, რომ კომისიას არ დათმობენ და პროცესში მონაწილეობას მიიღებენ, რათა წინააღმდეგობა გაწიონ. იმაზე ყველა თანხმდება, რომ კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ხარვეზია და დოკუმენტი ცვლილებებს საჭიროებს, მაგრამ ერთი ამბობს, რომ წინააღმდეგობა უნდა გაწიოს, მეორე კი აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს მაშინ, როცა ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს, ცუდი კონსტიტუცია კარგად ვაქციოთ. არ ვიცი, ამ ყველაფერს რა დავარქვა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 


მისი თქმით, თუ პრეზიდენტი რისკს ხედავს, რომ „ქართული ოცნება" ცუდ ცვლილებებს განახორციელებს, პირიქით, პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს.


„ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და უკვე ნაბანი წყლის გადასხმაზეა საუბარი. თუ პრეზიდენტი რისკს ხედავს, რომ ცუდ ცვლილებებს განვახორციელებთ, პირიქით, პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, პროცესში ჩაერთონ პოლიტიკური ძალები, ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვები, რათა ქვეყანას კარგი კონსტიტუცია ჰქონდეს. ამ ვითარებაში კი ვხედავ პრეზიდენტს, რომელმაც პასუხისმგებლობას თავი აარიდა,  გვერდზე გაიწია და კრიტიკისთვის მეტი ნიშა დაიტოვა. წარმოუდგენელია, პრეზიდენტი ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ბოიკოტს უცხადებდეს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები რას იფიქრებენ?!", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner