logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: თუ არჩევანის საშუალება მექნებოდა, შესაძლოა, მხარი ოპოზიციის არც ერთი კანდიდატისთვის არ დამეჭირა...
- +

13 დეკემბერი. 2016. 00:08



თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი შინაგანი პოზიციით, ნდობის ჯგუფში ოპოზიციის არცერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს, მაგრამ აქ პრინციპია მთავარი. მისი თქმით, კვოტები თანაფარდობით განაწილდა.


„არის თანამდებობები, რომელიც კვოტით ოპოზიციას ეკუთვნის. თუ არჩევანის საშუალება მექნებოდა, შესაძლოა, მხარი არცერთისთვის არ დამეჭირა, მითუმეტეს - „ნაციონალური მოძრაობისთვის", მაგრამ მე მხარს ვუჭერ არა რომელიპე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, არამედ- დემოკრატიულ პრინციპს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კვოტა უმცირესობისთვის, ან ოპოზიციისთვისაა და შესაბამისად, მათ უნდა განესაზღვრათ, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ვინ რომელ კომიტეტში დაიკავებდა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას" 27  წევრი ჰყავს, „პატრიოტთა ალიანსს" კი - 6. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას 12 ადგილი ეკუთვნის, „პატრიოტთა ალიანსს" კი - 3. მათ ეს 3 ადგილი აითვისეს, ამიტომ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დარჩენილი ერთი თანამდებობა „ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის. თუ ჩემს ძალაუფლებას გამოვიყენებდი და დემოკრატიულ პრინციპებს დავარღვევდი, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მხარს არ დავუჭერდი, მაგრამ მათ ეს ადგილი ეკუთვნით და უნდა მიიღონ", - განაცხადა სესიაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, წლების წინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში იყო, კანონის მიხედვით ნდობის ჯგუფის წევრებს კენჭი ეყრებოდათ, მაგრამ მათ დავით გამყრელიძეს მხარი არ დაუჭირეს. შესაბამისად, ოპოზიციას ნდობის ჯგუფში წარმომადგენელი არ ჰყავდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.


„ჩემი ინიციატივით, 2013 წელს კანონში ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ნდობის ჯგუფის კანდიდატურებს კენჭს აღარ უყრის. ყველა პოლიტიკური სუბიექტი თავის კანდიდატურას წარადგენს, რომლებიც სტანდარტულ პროცედურებს გადიან. ამ პროცედურებით, საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათი სანდოობა დგინდება  და შემოწმების შედეგს პარლამენტი ცნობად იღებს", - განაცხადა  სესიაშვილმა.     





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner